სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას “გაუგებარს”, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან “გაზვიადებულ რიტორიკაში” სომხეთის რესპუბლიკის ჩართვას “მიუღებელს” უწოდებს. განცხადებას სომხეთის საგარეო უწყება ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სომხეთის პრემიერმინისტრის აპარატის მიერ აზერბაიჯანის მიმართ დიპლომატიური არხებითა და საჯაროდ გაკეთებული შეთავაზებები, ერთობლივად გამოეძიებინათ სასაზღვრო ინციდენტები და მათთან დაკავშირებული ინფორმაცია და შეექმნათ შეიარაღების კონტროლის ორმხრივი მექანიზმი, აზერბაიჯანის მხრიდან კვლავ უპასუხოდ რჩება. უწყების თქმით, ასეთი მექანიზმის შექმნა ქვეყნებს ნებისმიერი ვითარების ნათლად დანახვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთის საშუალებას მისცემდა. მიუხედავად აზერბაიჯანის მხრიდან პასუხის არქონისა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, შეთავაზება კვლავ ძალაში რჩება.
უწყება აზერბაიჯანის მიერ სომხეთში მიმდინარე სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნების “პროვოკაციულ და ომის დაწყების წამხალისებელ” ქმედებებად მოხსენიებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, ჰყავდეს საბრძოლო მზადყოფნის ჯარი და იცავდეს მის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიას.
“რაც შეეხება სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეფორმებსა და იარაღისა და აღჭურვილობის შეძენის საკითხს, ჩვენ ხშირად გვითქვამს, რომ საბრძოლო მზადყოფნის ჯარის ყოლა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული უფლებაა და სომხეთის რესპუბლიკას სხვა მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, გარდა მისი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის დაცვისა, არ გააჩნია. არმიის რეფორმების პროცესში, სომხეთის რესპუბლიკა მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მოქმედებს”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხეთის ტერიტორიაზე გამართულ აშშ-სა და სომხეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამოეხმაურა, მათ “პროვოკაციული ქმედებები” უწოდა და განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ სომხეთის სამხედრო სფეროში დახმარება რეგიონში ახალი ომის დაწყებას ახალისებს.
“აშშ-ის მიერ სომხეთში ჩატარებული სამხედრო წვრთნები, საფრანგეთის მიერ სომხეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება და ევროკავშირის მიერ 10 მილიონის სამხედრო დახმარება ახალისებს ოკუპანტ სახელმწიფოს – სომხეთს, აწარმოოს პროვოკაციები და მიანიშნებს მის მზადებაზე აზერბაიჯანის წინააღმდეგ კიდევ ერთი ომის დასაწყებად” – ვკითხულობთ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოსთვის აშშ-ს მიერ სამხედრო წვრთნები ღირსეული პარტნიორის გაურკვეველი ვადით გადადების ფონზე, სომხეთში სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნები იმართება. სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, წვრთნები Eagle Partner 2024 სომხეთში 15-24 ივლისს გაიმართა. სწავლება Eagle Partner სომხეთში პირველად 2023 წელს ჩატარდა.
ამასთანავე, 22 ივლისს ევროკავშირის საბჭომ ევროპის სამშვიდობო ფონდის (EPF) ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად 10 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება დაამტკიცა.