საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერ ორგანიზებულ სპორტის სამიტს დაესწრება, სადაც ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ლიდერები და მთავრობის მეთაურებიც იქნებიან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციითვე, დღეს ლუვრის მუზეუმში ოლიმპიადის მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გალა-ვახშამი გაიმართება, რომელსაც ზურაბიშვილი ასევე დაესწრება.
ცნობისთვის, ზაფხულის რიგით 33-ე ოლიმპიადა, რომელიც წელს პარიზში გაიმართება, 26 ივლისს დაიწყება და 11 აგვისტოს დასრულდება. ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს 28 ქართველი სპორტსმენი წარადგენს, რომელთაგან 7 ქალია. ქართველი სპორტსმენები სპორტის 9 სახეობაში მიიღებენ მონაწილეობას, რომლებიცაა ჭიდაობა, კრივი, ძიუდო, ტყვიის სროლა, ძალოსნობა, მძლეოსნობა, ცურვა, ფარიკაობა და ბატუტზე ხტომა.