ჯანსაღი გარემო შენი უფლებაა! – როგორ დავიცვათ გარემოსდაცვითი უფლებები?

რას ნიშნავს გარემოსდაცვითი უფლებები და როგორ შეგვიძლია მათთვის ბრძოლა? რამდენად კავშირშია ეს ჩვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან? რა როლს ასრულებს საზოგადოება და მისი თითოეული წევრი გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრაში?
გახშირებული ბუნებრივი კატასტროფებისა თუ მომრავლებული ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე, საქართველოს მოქალაქეები სულ უფრო ინტერესდებიან საკუთარი სოფლის, ქალაქისა თუ ქვეყნის დაგეგმვის პროცესითა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებით.
სწორედ ამ საკითხებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების შესახებ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook – GEO ახორციელებს, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში „კანონის უზენაესობის გაუმჯობესება და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ყველასათვის“.
საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულებისა და საზოგადოების ჩართულობის შესახებ, GEO-ს გარემოსდაცვითი სამართლის ექსპერტს, ნანა აღლემაშვილს ვესაუბრეთ.
რას ნიშნავს გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება?
ჯანსაღ გარემოში ცხოვრება ადამიანის უფლებაა. გარემოსდაცვითი მართლმსაჯულება კი იმ საშუალებებისა და მექანიზმების ერთობლიობაა, რომელთა გამოყენებითაც ჩვენს გარემოსდაცვით უფლებებს ვიცავთ.
2022 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო ადამიანის უფლებად აღიარა. ამ გადაწყვეტილებით ხაზი გაესვა, რომ კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება და ზიანი, რომელიც ბიომრავალფეროვნებას ადგება, თანამედროვე სამყაროს უდიდესი გამოწვევებია.
გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების კუთხით, შეგვიძლია, გამოვყოთ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება. ასევე, უფლება, გავასაჩივროთ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ან უმოქმედობა ზემდგომ ორგანოში, ან სასამართლოში.
რამდენად არის გათვალისწინებული გარემოსდაცვითი უფლებები საქართველოს კანონმდებლობაში და რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ?
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება, გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მონაწილეობის უფლება.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთის მხრივ, ჩვენი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა, ძირითადად, შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. თუმცა, მთავარი მაინც მისი ეფექტიანი აღსრულებაა. ამ მხრივ, კი ბევრი გამოწვევაა. გარემოსდაცვითი უფლებების ხელყოფის არაერთ ფაქტზე მიუთითებს გარემოსდაცვითი მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების კვლევები და სახალხო დამცველის ანგარიშები.
გასულ წელს, გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) საქართველოში გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ კვლევა ჩაატარა. სხვა საკითხებთან ერთად, კვლევაში გამოვლინდა საქართველოში ამ მხრივ არსებული ძირითადი გამოწვევები, მაგალითად, სასამართლო განხილვის ზედმეტად გრძელი და გაჭიანურებული ვადები, სასამართლო ხარჯები, მოსამართლეების მიერ კანონმდებლობის ვიწრო ინტერპრეტაცია, გარემოსდაცვითი ინფორმაციის მოთხოვნის იგნორირებისა ან არადამაკმაყოფილებელი პასუხების გაცემის შემთხვევები, საზოგადოების ინფორმირებულობის ნაკლებობა და სხვა.
რა შემთხვევაში შეიძლება დაირღვეს ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები?
ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება შეიძლება დაარღვიოს ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაბინძურებამ, ხმაურმა, უკანონო მშენებლობამ, გარემოს ნარჩენებით დაბინძურებამ და ა.შ.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ პირმა საჯარო დაწესებულებიდან გამოითხოვა გარემოსდაცვითი ინფორმაცია, მაგალითად ჰაერის ხარისხის, ან რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტის შესახებ და ეს ინფორმაცია არ ან დაგვიანებით მიაწოდეს.
ასევე, თუ მიმდინარეობს რაიმე ინფრასტრუქტურული პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი და პირს მასში მონაწილეობა და აზრის დაფიქსირება შეეზღუდა ამ პროცესის მიზანი იმის გარკვევაა, თუ რა გავლენას იქონიებს პროექტი იმ გარემოზე, სადაც მისი განხორციელება იგეგმება. ამიტომ, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობას დიდი მნიშვნელობა აქვს.
ჩვენი გარემოსდაცვითი უფლებები მაშინაც დაირღვევა, თუ საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეგვეზღუდა. მაგალითად, თუ ჩვენი საცხოვრებლის მახლობლად დაგეგმილია წიაღისეულის მოპოვება, საწარმოების, ენერგეტიკული ობიექტების, ან გზების მშენებლობა და შესაბამისმა უწყებამ არ მოგვცა შესაძლებლობა საჯარო განხილვების დროს გამოვთქვათ აზრი ამასთან დაკავშირებით.
საერთაშორისო სამართლებრივი კუთხითაც რომ ვისაუბროთ: რა ტიპის საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ შეთანხმებებში მონაწილეობს საქართველო, რომლის მიხედვითაც, შეიძლება პირმა საკუთარი გარემოსდაცვითი უფლებებისთვის იბრძოლოს?
პირველ რიგში, უნდა ვახსენოთ ორჰუსის კონვენცია, რომლის მხარესაც საქართველოც წარმოადგენს — ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნები. ორჰუსის კონვენცია არის პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელმაც დაადგინა, რომ ჯანსაღ გარემოსა და ადამიანების კეთილდღეობას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს. ხოლო იმისათვის, რომ ადამიანმა ჯანსაღი გარემოს შენარჩუნება და მისი დაცვა შეძლოს, ორჰუსის კონვენცია ხელმომწერ სახელმწიფოებს ავალდებულებს, რომ უზრუნველყონ ისეთ უფლებების დაცვა როგორიცაა: გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა.
ასევე, აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, იგივე, სტრასბურგის სასამართლო, რომლის არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მნიშვნელოვნად გაუარესებული გარემოს ზემოქმედებით, შესაძლებელია, დაირღვეს ადამიანის სიცოცხლის უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება და სხვა. მაგალითად, თუ დაბინძურებული გარემოს გამო უარესდება ჩვენი ცხოვრების ხარისხი ან, ხელი გვეშლება, თავისუფლად ვისარგებლოთ ჩვენი საცხოვრებელი სივრცით, ეს უკვე შეგვიძლია მივიჩნიოთ ჩვენი უფლებების დარღვევად.
რა არის გარემოსდაცვითი სამართლის დაცვის კარგი პრეცედენტი და, ევროკავშირის მაგალითს რომ შევხედოთ, რამდენადაა მის ქვეყნებში გათვალისწინებული გარემოსდაცვითი უფლებები?
ევროკავშირის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ათწლეულებია, იხვეწება და, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში უმაღლეს სტანდარტს ადგენს. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორს ასოცირების შესახებ ხელშეკრულების საკმაოდ დიდი ნაწილი ეთმობა გარემოსდაცვით ვალდებულებებს. კერძოდ, ამ ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს აქვს ვალდებულება, მათ შორის, ქართული გარემოსდაცვითი კანონმდებლობა ჰარმონიზდეს ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან. გარკვეული რეფორმები ამ მხრივ უკვე გატარდა, რისი კარგი მაგალითიცაა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) კოდექსი და მასში გაწერილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის პროცედურა, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ვალდებულება გვაქვს შესასრულებელი და ბევრი გვაქვს სამუშაოც, განსაკუთრებით აღსრულების თვალსაზრისით.
კამპანიაზეც რომ მოგვიყვეთ, რომელშიც ჩართული ხართ: რატომ გახდა მისი ჩატარება საჭირო და სად შეიძლება ინფორმაციის ნახვა?
საზოგადოებრივი კამპანიის “გარემოსდაცვით მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში” მიზანია, საზოგადობას მიაწოდოს მეტი ინფორმაცია გარემოსდაცვითი უფლებების შესახებ. მის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩავატარეთ შეხვედრები სხვადასხვა პროფესიულ, ასაკობრივ თუ ეთნიკურ ჯგუფთან და მოვამზადეთ საინფორმაციო მასალები, რომელთა გაცნობა შესაძლებელია GEO-სა და UNDP-ის ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებში.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, ჟურნალისტებთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ადგილობრივ მოსახლეობასა და იურისტებთან ჩატარებულმა შეხვედრებმა, ტრენინგებმა და დისკუსიებმა დაგვანახა, თუ რამდენად გაიზარდა ინტერესი და მზაობა მოსახლეობის მხრიდან, ჩაერთონ გარემოსდაცვით საქმიანობაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სკოლის მოსწავლეები, რადგან ამ ახალგაზრდებს უკვე აქვთ მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნება და ბევრ მათგანი ჩართულია გარემოსდაცვით აქტივობებში.
მნიშვნელოვანი და საინტერესო გამოდგა მედიის, არასამთავრობო სექტორის, სამოქალაქო აქტივისტებისა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის მონაწილეობით ჩატარებული ფორუმი, სადაც გაიმართა დისკუსია გარემოსდაცვითი მართლმსაჯულების კუთხით არსებული გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ. ჩვენი კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთხელ გამოიკვეთა მედიის როლი გარემოსდაცვითი პრობლემების წარმოჩენის კუთხით. ასევე უნდა აღინიშნოს არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელობა, როგორც საკვანძო რგოლის, რომელიც დიდ სამუშაოს ატარებს გარემოსდაცვითი უფლებების დასაცავად.
მინდა კიდევ ერთხელ ყურადღება გავამახვილო კამპანიის დროს შექმნილ ონლაინ საინფორმაციო მასალებზე, რომლთა ნახვა ყველას შეუძლია, ვისაც საკუთარი გარემოსდაცვითი უფლებების გაცნობა და დაცვა სურს: სახალისო ქვიზის, ინფოგრაფიკის, ანიმაციებისა და ვიდეო ამბების გაცნობა შეგიძლიათ GEO-სა და UNDP-ის სოციალურ ქსელებში, ასევე, ჰაშთაგით #ჯანსაღიგარემოშენიუფლებაა.
კამპანია დასკვნით ეტაპზეა – თქვენი გამოცდილებით, რამდენად საჭიროა მსგავს საკითხებზე საუბარი, მოსახლეობასთან კომუნიკაცია და რატომ?
ინფორმირებული საზოგადოება არის მეტად მოტივირებული დაიცვას საკუთარი უფლებები. საბედნიეროდ, ჩვენ გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც აღელვებთ მათ საცხოვრებელ გარემოში, ქალაქსა თუ სოფელში არსებული მდგომარეობა, აწუხებთ პროცესები, რომელიც საფრთხეს უქნის ადამიანების ჯანმრთელობასა და გარემოს. ეს ადამიანები გარშემო იკრებენ თანამოაზრეებს, ქმნიან საინიციატივო ჯგუფებს, იბრძვიან სამართლებრივი გზებით, აქტიურად იყენებენ არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების დახმარებას, იქნება ეს იურიდიული კონსულტაციის თუ სხვა რესურსების თვალსაზრისით. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზოგიერთი მათგანი უკვე ჩამოყალიბდა ეკოაქტივისტად, მიაღწია წარმატებას და შეაჩერა პროცესები, რომელიც საზიანო იქნებოდა გარემოსა და ადამიანებისათვის. ამ ადამიანთა ნაწილი ჩვენს კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული, რადგან წარმატებული მაგალითების გაზიარება კიდევ უფრო დიდ მოტივაციას აძლევს სხვებს, ჩაერთონ პროცესებში, იმოქმედონ, უკეთესობისაკენ შეცვალონ მათ გარშემო არსებული გარემო და სხვებსაც მოუყვნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

ასევე დაგაინტერესებთ