რას ნიშნავს უოლ-სტრიტის ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენა?

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კომისიამ ეთერიუმის სავაჭრო ფონდები, ანუ ETF-ები ოფიციალურად დაამტკიცა, რითაც ტრადიციულ საფონდო ბირჟაზე კრიპტოაქტივის გამოჩენას აუნთო მწვანე შუქი.
ამ ეტაპზე, საფონდო ბირჟაზე ათამდე კომპანიის მიერ გამოშვებული ETF-ებია ხელმისაწვდომი, ემეტენტებს შორის არის: Fidelity, Invesco, iShares, VanEck, Grayscale და Franklin, ანუ ინდუსტრიის ყველა ძირითადი მოთამაშე.
ETF-ებს უდიდესი მნიშვნელობა აქვთ იმ ინვესტორთათვის, რომელთაც ეთერიუმის შეძენა კრიპტობირჟაზე არ სურთ და ურჩევნიათ, რომ კრიპტოაქტივი პირდაპირ საფონდო ბირჟაზე, საბროკერო ანგარიშიდან შეიძინონ, ისევე როგორც სხვა აქტივები, მაგალითად: აქციები, ობლიგაციები ან ოქროს სერტიფიკატები.
ზოგადად, ETF-ის, ანუ იგივე სავაჭრო ფონდის დანიშნულება საქონლისა და საფინანსო ინსტრუმენტების გაერთიანებაა, რომელიც შემდგომ ბირჟაზე ერთიანად ილისტება, ერთგვარი ნაკრების სახით. მაგალითად, Fidelity-ის ოქროს ფონდში სწორედ ოქროს ფლობის სერტიფიკატებია გაერთიანებული. ეთერიუმის ETF-ის შეძენით კი ინვესტორი თანხას კრიპტოაქტივში აბანდებს.
ანალიტიკოსების პროგნოზით, ბირჟაზე ეთერიუმის ETF-ების გამოჩენით კრიპტოინდუსტრიაში დამატებითი ინვესტორები გაჩნდებიან, მათ შორის ის ინსტიტუციური ინვესტორებიც, რომლებიც ციფრულ აქტივებში პირდაპირი ინვესტირებისგან, ამ დროისთვის, თავს იკავებენ. ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, ბირჟებზე დალისტვიდან თორმეტი თვის განმავლობაში, ეთერიუმის ETF-ებში ინვესტორები $45 მილიარდს დააბანდებენ. თუკი ამ პროგნოზის მასშტაბთან დაკავშირებით, შესაძლოა, კითხვები გაჩნდეს, ინვესტიციების შემოდინებაზე არავინ დავობს, რადგან სწორედ ეს მოხდა მას შემდეგ, რაც SEC-მა ბიტკოინის რამდენიმე ETF-ი დაამტკიცა.
ვრცლად bm.ge-ზე

ასევე დაგაინტერესებთ