ნოემბერ-დეკემბერი გაყიდვებისთვის წლის განმავლობაში ყველაზე აქტიური პერიოდია. სწორედ ამ პერიოდში კომპანიები მომხმარებლებს სხვადასხვა ფასდაკლებებს სთავაზობენ, რა დროსაც, პროდუქციის ფასი, ხშირად ხელოვნურადაა გაზრდილი და მყიდველი რეალური ფასდაკლებით ვერ სარგებლობს.
ირღვევა თუ არა მომხმარებლის უფლებები როდესაც ფასდაკლებამდე საქონლის ფასები ხელოვნურადაა გაზრდილი? ამ კითხვაზე პასუხისთვის „კომერსანტმა“ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
როგორც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა სერგო სანიკიძემ ჩვენთან კომენტარში განმარტა, სააგენტო ვაჭრობისას ფასის მითითების სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავების პროცესშია.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია საქონელსა ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასი და ერთეულის ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს. მათ შორის ფასდაკლებების პერიოდში. კერძოდ, უნდა იყოს მითითებული როგორც ფასდაკლებული, აგრეთვე საქონლის თავდაპირველი ფასი.
ამ ეტაპზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო მუშაობს ვაჭრობისას ფასის მითითების სახელმძღვანელო პრინციპების (ე.წ. გაიდლაინი) შემუშავებაზე, სადაც გაწერილი იქნება ის წესები და პირობები, თუ როგორი ფორმით უნდა იქნეს მითითებული ფასები, მათ შორის ფასდაკლებების პერიოდში, რათა თავიდან იქნეს აცილებული მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი საქმიანობა.
რაც შეეხება მომართვიანობას, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლების საჩივრების მიღება და შესწავლა 2022 წლის 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო და არსებული სტატისტიკის მიხედვით, მომხმარებლის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, საჩივრების რაოდენობა იზრდება. განსაკუთრებით ფასდაკლებების პერიოდში, როდესაც მოვაჭრეები თავიანთ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებს სთავაზობენ და ეკონომიკური აქტივობა მკვეთრად აქტიურდება“, – აღნიშნავს სერგო სანიკიძე.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქონლის ან მომსახურების შეძენამდე მომხმარებელმა ყურადღება მიაქციოს რამდენიმე ფაქტორს. კერძოდ, მომხმარებელი უფლებამოსილია იცოდეს და მოვაჭრე ვალდებულია მიაწოდოს შემდეგი სახის ინფორმაცია:
• მოვაჭრის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია
• დისტანციურად ვაჭრობისას, ნივთის 14 დღეში უპირობოდ დაბრუნების წესი
• ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, საქონლის საგარანტიო პირობები
აგრეთვე, მოვაჭრე ვალდებულია საქონელზე ან მომსახურებაზე (მათ შორის სოციალურ ქსელში ვაჭრობისას) ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს.
თუ მომხმარებელი თვლის, რომ მათი უფლება დაირღვა, შეუძლია მომართოს საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს.