ალუდა ღუდუშაური – „ლელო“-ელისაშვილის გაერთიანება ეს არის უპრინციპობის და წითელ ხაზს მიღმა გაერთიანება, ხოლო გიორგი გახარიამ ქუდი დაიხურა და „ნაცმოძრაობაში“ გადაბარგდა

როდესაც დადგა საკითხი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესი ყოფილიყო გატარებული თუ ნიკანორ მელიას და „ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, ბატონმა [გიორგი] გახარიამ ქუდი დაიხურა და „ნაციონალურ მოძრაობაში” გადავიდა – სულ რომ წყალზე გაევლო მანამდე გახარიას, ეს ფაქტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაფრის მთქმელია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიამ “ყველანაირ მართლმსაჯულების აღსრულებაზე უარი თქვა”.
„ბატონ გახარიას მიმართ ჩემი შეფასება ისაა, რომ მან, როდესაც დადგა საკითხი, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი, კანონით გათვალისწინებული და ზოგადად, სამართლის ინტერესი ყოფილიყო გატარებული თუ ნიკანორ მელიას და “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესი, ბატონმა გახარიამ, პირდაპირ გეუბნებით, ქუდი დაიხურა და გადავიდა “ნაციონალურ მოძრაობაში”. მან პირდაპირ, ყველაფერ სახელმწიფოებრივზე, ყველაფერ კანონიერზე, მართლმსაჯულების განხორციელებაზე და აღსრულებაზე უარი თქვა, იმიტომ, რომ “ნაციონალურ მოძრაობისა” და ნიკანორ მელიას სასარგებლოდ გაეკეთებინა არჩევანი. სულ რომ წყალზე გაევლო მანამდე გახარიას, ეს ფაქტი ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი ქართველისთვის, ყველაფრის მთქმელია”,- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
გარდა ამისა, ღუდუშაურმა ალეკო ელისაშვილსა და პარტია “ლელოს” გაერთიანებას “უპრინციპობის, უმორალობისა და ყოველგვარ წითელ ხაზს მიმართ გაერთიანება” უწოდა.
„ეს გაერთიანება თუ ნებისმიერი სხვა, არის უპრინციპობის, უმორალობის და საერთოდ, ყოველგვარ წითელ ხაზს მიღმა გაერთიანება. ნებისმიერი უპრინციპო და უმორალო გაერთიანება, ბუნებრივია, ვერც ერთ შემთხვევაში ვერანაირ შედეგს ვერ დადებს ერთი მარტივი მიზეზიდან გამომდინარე – ადამიანებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მორალი, არანაირი სახელმწიფოებრივი ხედვა და გნებავთ, ის განცდა, რომ ეს სახელმწიფო არის არა რაღაც პრივატული სივრცე, არა რაღაც ბიზნესი, არა ვიწრო პირადი ინტერესები, ეს არის სახელმწიფო, რომელსაც ჰქვია საქართველო. ამიტომ, სხვა ფოკუსით უნდა შეხედონ ამას.
არჩევანი არის გასაკეთებელი სახელმწიფო ინტერესსა და ვიწრო ინტერესს შორის, რომელსაც ატარებენ ბატონი ხაზარაძე, ქალბატონი ზურაბიშვილი, ელისაშვილი. ეს საერთოდ ამორალური სივრცეა. როგორ უნდა წარდგნენ ქართველი ხალხის წინაშე და როგორ უნდა აუხსნან, რომ რამდენიმე თვის წინ, როდესაც ერთმანეთზე ასეთი ეპითეტებით საუბრობდნენ და თურმე ხელსაც არ ჩამოართმევდნენ, დღეს იმდენად იყვნენ ჩახუტებულები, რომ არ ვიცი”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
გარდა ამ თემისა, ღუდუშაურმა ყოფილი პრეზიდენტის, ს შესახებაც ისაუბრა და კითხვაზე, ხომ არ იგეგმება სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა, აღნიშნა, რომ თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ საჭიროებს “მაღალი კლასის სასტუმროს მაგვარ ლუქს ნომერში იყოს მხარ-თეძოზე წამოწოლილი”, უნდა დაბრუნდეს ციხეში.
“როგორც პარლამენტის ერთ წევრს, ნამდვილად მაქვს ეს კითხვა [როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ დაწესებულებაში]. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ არ არის საფუძველი და საჭიროება იმისა, რომ მაღალ პროფილურ, მაღალი კლასის სასტუმროს მაგვარ ლუქს ნომერში იყოს მხარ-თეძოზე წამოწოლილი ეს ადამიანი და იქიდან მოძღვრავდეს კრიმინალი სააკაშვილი ქართველ ხალხს და საქართველოს, ის ბუნებრივია, უნდა იყოს იმ დაწესებულებაში განთავსებული, რაც წერია მის განაჩენში. შესაბამისად, ეს საკითხი ადრე თუ გვიან აუცილებლად უნდა დაისვას”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ