აშშ-ს კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისაუბრა “გაფართოებული ახლო აღმოსავლეთის ხედვაზე”, რომელიც რეგიონულ ანტიირანულ ალიანსს მოიაზრებს.
ნეთანიაჰუს თქმით, როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიკრა ალიანსი, რომელიც წინ აღუდგებოდა საბჭოთა კავშირის საფრთხეს, ასევე უნდა შეიქმნას ისრაელისა და ამერიკის უსაფრთხოების ალიანსი, რომელიც ირანისგან მომავალ მზარდა საფრთხეს შეეწინააღმდეგება.
ნეთანიაჰუს თქმით, მსგავსი ალიანსის შთაბეჭდილება დატოვა 14 აპრილის მოვლენებმა, როცა ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა.
“მადლობა პრეზიდენტო ბაიდენ ამ ალიანსის შეკრებისთვის”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერის აზრით, მსგავსი ალიანსი გასულ წლებში არაბულ ქვეყნებთან მიმდინარე აბრაამის მოლაპარაკებების გაგრძელება უნდა იყოს.
“ვფიქრობ, ამას აბრაამის ალიანსი უნდა ვუწოდოთ.” – თქვა ნეთანიაჰუმ.
აღსანიშნავია, რომ აბრაამის მოლაპარაკებების პროცესი 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის თავდასხმისა და იერუსალიმის მიერ საპასუხო ოპერაციის დაწყების შემდეგ შეჩერდა.
ნეთანიაჰუმ აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს მადლობა გადაუხადა აბრაამის შეთანხმების შუამავლობისთვის. აქვე მან ხაზი გაუსვა საკუთარ სიხარულს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი გასულ დღეებში მკვლელობის მცდელოვას გადაურჩა. მან ყოფილ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა “ყველაფრისთვის, რაც მან ისრაელისთვის გააკეთა”. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებასა და გოლანის მაღლობზე ისრაელის კონტროლის აღიარებას.
“ერთად მუშაობით, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ორი ქვეყანა გაანადგურებს ტირანებსა და ტერორისტებს, რომლებიც ორივეს გვემუქრებიან.” – თქვა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ისრაელი არ დაისვენებს და ქედს არ მოიხრის.
ისრაელის პრემიერმინისტრის თქმით, აშშ-სა და არაბ პარტნიორებთან ერთად შეძლებენ რეგიონში კეთილდღეობის გაზრდასა და მშვიდობის დამყარებას.