დაკავებულია წარსულში ნასამართლევი პირი | შსს საგარეჯოში მომხდარ მკვლელობაზე

კახეთში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ხ. დააკავეს.
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქეშალოში, ყოფილ მეუღლეს – 1988 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ი.ჯ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ნ.დ. საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება”, – წერია უწყების განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.