დონალდ ტრამპის კამპანიამ აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენისა და ვიცეპრეზიდენტის კამალა ჰარისის წინააღმდეგ ფედერალურ საარჩევნო კომისიაში სარჩელი შეიტანა. მიზეზი ბაიდენის კამპანიის ფონდის ჰარისისთვის გადაცემაა, რაც სარჩელში აღნიშნულის მიხედვით, კამპანიის დაფინანსების კანონს არღვევს.
“კამალა ჰარისი ცდილობს, მოიპაროს 91.5 მილიონი დოლარი იმ თანხებიდან, რომელიც ჯო ბაიდენის კამპანიიდან დარჩა – ეს არის ფულის მოპარვის თავხედური მცდელობა, რომელიც ყველაზე გადაჭარბებული შემოწირულება და ფედერალური არჩევნების კამპანიის 1971 წლის აქტის (Federal Election Campaign Act of 1971) ისტორიაში ყველაზე დიდი კანონდარღვევა იქნება”. – წერს ტრამპის კამპანიის გენერალური მრჩეველი, დეივიდ უორინგტონი სარჩელში.
უფრო ადრე ტრამპის მრჩევლებმა ნათლად განაცხადეს, რომ ისინი ბაიდენის მიერ ჰარისისთვის ფონდების გადაცემას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით დაბლოკავდნენ, თუმცა საბოლოოდ მათ სარჩელი ფედერალურ საარჩევნო კომისიაში შეიტანეს.
“რესპუბლიკელებს შეიძლება შურდეთ, რომ დემოკრატებს ტრამპისა და მისი MAGA მოკავშირეების დამარცხების ენერგია შესწევთ, მაგრამ უსაფუძვლო სამართლებრივი პრეტენზიები – მსგავსად ისეთებისა, რომლებითაც ისინი წლების განმავლობაში ხმების ჩახშობას და არჩევნების მოპარვას ცდილობდნენ – მხოლოდ გაფანტავს მათ ყურადღებას, სანამ ჩვენ მოხალისეებს ვარეგისტრირებთ, ამომრჩეველს ვესაუბრებით და არჩევნებს ვიგებთ”. – თქვა კამალა ჰარისის კამპანიის პრესსპიკერმა, ჩარლზ ლუტვაკმა ტრამპის კამპანიის სარჩელზე.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიაში საკუთარი კანდიდატურა მოეხსნა და მის ნაცვლად მხარი კამალა ჰარისისთვის დაეჭირა, დემოკრატიული პარტიის წევრები და ლიდერები ჰარისის კანდიდატურის გარშემო გაერთიანდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე შტატის დელეგატები ორშაბათს გვიან შეხვდნენ, რათა ჰარისისთვის მხარდაჭერა დაედასტურებინათ. ორშაბათს ღამით კი ჰარისს 2 668 დელეგატის მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ, როცა დემოკრატიული პარტიის ნომინაციის მოსაპოვებლად 1 976 დელეგატის მხარდაჭერაა საჭირო.