კობახიძე: კოლექტიური ნაცმოძრაობა საარჩევნოდ პროვოკაციებს გააგრძელებს

დღევანდელი მოცემულობით ქართული ოცნების მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%, თუმცა ეს გარემოება არ გვაძლევს ჩვენ მოდუნების საშუალებას. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მივიღოთ, ჩვენ გვჭირდება მაღალი ლეგიტიმაცია იმისათვის, რომ, ერთი, უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარება და მეორე, საბოლოოდ დავამარცხოთ ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში, სწორედ ამას ესაჭიროება მაქსიმალური ლეგიტიმაცია, რასაც აუცილებლად მივიღებთ ამ საპარლამენტო არჩევნებზე.
[…] ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩატარდეს მშვიდობიან და მშვიდ გარემოში. დღემდე საარჩევნო პროცესი წარიმართება არსებითად მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლიბერალურ-ფაშისტურ თავდასხმას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. მე შეგახსენებთ, რომ მაგალითად, ასეთი თავდასხმა განხორციელდა პარლამენტარ ზე. ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტივისტი იყო, ვინმე პაპაშვილი, ასევე, ჯანდაცვის მინისტრს მაგალითად თავს დაესხა ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ენჯეოს წარმომადგენელი, ვინმე ჩხობაძე, პარლამენტარ დაჩი ბერაიას თავს დაესხა ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი აქტიური მიმდევარი, ვინმე ანანია, რომელმაც როგორც გავიგე, პრეზერვატივებზე ქართველი წმინდანების გამოსახვით „გაითქვა“ სახელი და ა.შ. ასეთი რამდენიმე ინციდენტი იყო სამწუხაროდ. ლიბერალური ფაშიზმის ამ აქტებს აქტიურად უჭერდნენ მხარს სამწუხაროდ და ტირაჟირებდნენ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, მედიასაშუალებები.
სამწუხაროდ, მრავალწლიანი პრაქტიკის გათვალისწინებით, გვაქვს მოლოდინი, რომ პროვოკაციები გაგრძელდება მომავალშიც. იმ პირობებში, როდესაც კოლექტიური ნაცმოძრაობა, ანუ ყველა მათი პარტია ერთად, 30%-საც ვერ აგროვებს, იქნებიან მოტივირებული მოაწყონ ასეთი პროვოკაციები ლიბერალური ფაშიზმის ტექნოლოგიების გამოყენებით. ისინი შეეცდებიან შექმნან აგრესიული საარჩევნო გარემო, თუმცა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ ვითარებაში.