უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების შესაძლებლობაზე ისაუბრა. თუმცა შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მცირედით განსხვავებული ინტერპრეტაციებით გაავრცელეს მხარეებმა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით 24 ივლისს ეწვია და ჩინელ კოლეგასთან, ვან უისთან, რომელიც ასევე ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრიცაა, ხანგრძლივი შეხვედრა გამართა.
კულება არის უკრაინის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ჩინეთს ეწვია რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური ცნობებით, შეხვედრაზე, რომელიც 3 საათზე დიდხანს გაგრძელდა, განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი, ჰუმანიტარული პრობლემები და ასევე, უკრაინა-ჩინეთის ურთიერთობები.
ჩინური სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, „ჩინურ მხარეს სჯერა, რომ ყველა კონფლიქტი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებით უნდა გადაწყდეს და ყველა უთანხმოება პოლიტიკური გზით უნდა მოგვარდეს“.
„მინისტრმა ვანგმა აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში რუსეთმა და უკრაინამ სხვადასხვა დონეზე მიანიშნეს მოლაპარაკებების სურვილზე,“ — წერს ჩინური მედიასაშუალება CGTN.
უკრაინის მხრიდან რუსეთთან მოლაპარაკების სურვილზე წერს რუსეთის სამთავრობო მედიასაშუალება „რია ნოვოსტი“, რომელიც აღნიშნავს, რომ „უკრაინამ რუსეთთან მოლაპარაკების მზადყოფნა გამოხატა.“
რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობაზე საუბარს ადასტურებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა განსხვავებული კონტექსტითა და პირობებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ივლისის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინაში გაანადგურა მშვიდობა, შეანელა განვითარება და ომის ყოველ დღეს მოაქვს ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის კიდევ უფრო გაცამტვერება.
„ამგვარად, აუცილებელია უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულება, მშვიდობის აღდგენა და ქვეყნის განახლების დაჩქარება,“ — აღნიშნავს დმიტრო კულება.
„მინისტრმა კულებამ კიდევ ერთხელ გაიმეორა უკრაინის მყარი პოზიცია, რომ ის მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის დასაწყებად კონკრეტულ საფეხურზე, მაშინ, როცა რუსეთი ამისთვის მზად იქნება, თუმცა ის ამ მზაობას რუსეთის მხრიდან ამ ეტაპზე ვერ ხედავს,“ — აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო.