საქართველოს მთავრობა მკვეთრად ცვლის ქვეყნის წარსულ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან მის ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. მან მიიღო არადემოკრატიული კანონმდებლობა, მოახდინა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება და ეწევა დეზინფორმაციასა და რიტორიკულ თავდასხმას აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს.
უცხოური გავლენის შესახებ კანონი, რომელიც 28 მაისს საქართველოს მმართველმა პარტიამ მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახრის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია, შექმნილია იმისთვის, რომ ჩაახშონ კრიტიკული ხმები, ჩირქი მოსცხონ დამოუკიდებელ NGO აქტივისტებსა და ჟურნალისტებს და ჩაახშონ საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება.
ქართული ოცნების მთავრობამ ეს კანონი მიიღო მასიური პროტესტის, აშშ-ს წინააღმდეგობისა და ვენეციის კომისიის ცხადი დასკვნის მიუხედავად, რომ ეს კანონი არ იყო ევროპულ ნორმებთან შესაბამისი.
უკანასკნელი თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ჩართული იყო ყველა დონეზე, რომ ქართველი ხალხისთვის ცხადი გაეხადა, რომ მათი დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას განვაგრძობთ და ამასთან, გვეჩვენებინა მთავრობისთვის, რომ არასწორი მიმართულებით მიდიან.
მაისში თბილისში ვიზიტისას სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმ ო’ბრაიანმა და მე ხაზი გავუსვით საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს და გავაფრთხილეთ შედეგებზე, თუ მმართველი პარტია არ შეცვლიდა კურსს.
მსგავსად, სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა უზრა ზეიამ და ჯონ ბასმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით გაუმეორეს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ მთავრობის ქმედებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილთან.
საქართველოს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების შედეგად, 23 მაისს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა, ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელთათვის პასუხისმგებლობის დასაწესებლად. მან ასევე გამოაცხადა ორმხრივი ურთიერთობების სრული გადახედვა, მათ შორის, საქართველოსადმი ჩვენი დახმარების.
6 ივნისს სავიზო შეზღუდვების დაწესების ნაბიჯი გადავდგით საქართველოს მმართველი პარტიის ოფიციალური პირების, პარლამენტარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში.
ეს ნაბიჯები დაფუძნებულია ჩვენს წინა ქმედებებზე, როგორიცაა სავიზო შეზღუდვები კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ და ფინანსური სანქციები ეფესბესთან დაკავშირებული ქართველ-რუს ოლიგარქის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ.
ჩვენ კოლეგებთან ერთად კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის, დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებაზე. თავდაცვის დეპარტამენტმა უკანასკნელ პერიოდში გამოაცხადა საქართველოში სამხედრო წვრთნების გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს ხანგრძლივ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ საქართველოს მთავრობისთვის ცხადი გავხადეთ, რომ ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, აშშ-ს შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტა, სხვა არადემოკრატიული კანონმდებლობების მიღების შეჩერება და იმის უზრუნველყოფაა, რომ წინასაარჩევნო პერიოდი და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩაივლის თავისუფლად და სამართლიანად.
2024 წელი საქართველოს მომავლისთვისა და მისი დემოკრატიული პროგრესისთვის გადამწყვეტია. ჩვენ მთავრობასთან ხაზი გავუსვით თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას და აღვნიშნეთ, რომ საარჩევნო პროცესების ჩატარებას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით.
ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს თხოვნას OSCE-დან სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესახებ და მოვუწოდეთ მთავრობას, უზრუნველყოს შეუზღუდავი წვდომა არჩევნების საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის.
ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მყარი მხარდამჭერები მთავრობიდან წამოსული წნეხის, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების პირისპირ. ჩვენ ჩართულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობებს, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.
ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საქართველოს მომავალი, ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოს წინაშე რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების მიმართ, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას.
ბოლოს, მინდა, კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ რთული პერიოდის მიუხედავად, ქართველი ხალხის მიმართ აშშ-ს ერთგულება მყარი და უცვლელია. ამერიკელები და ქართველები იზიარებენ განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებზე: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სიყვარულზე. გავაგრძელებთ ძლიერი, დაცული და დემოკრატიული საქართველოს განვითარების მხარდაჭერას.
თქვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა ქვეკომიტეტში მიმდინარე განხილვაზე სახელმწიფო მდივნის ასისტენტის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა, რომელიც სამხრეთ ევროპისა და კავკასიის მიმართ აშშ-ს პოლიტიკას ზედამხედველობს.
