აშშ-ის კონგრესში საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე მოსმენა მიმდინარეობს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და მოლდოვაში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით მოსმენა მიმდინარეობს. კომიტეტის წინაშე -ის სახელმწიფო დეპარტამენტების წარმომადგენლები წარსდგნენ და ქვეყნებში მიმდინარე პროცესები შეაფასეს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯოშ ჰაკმა მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკვეთრად გადაუცვია ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და რისკის ქვეშ დააყენა ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობები.
სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა რუსული კანონის მიღებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამგვარი კანონმდებლობა სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას ახდენს და მათი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობასა და ზეწოლას ახალისებს.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილე ყურადღებას ამახვილებს დეზინფორმაციულ განცხადებებსა და მტრულ რიტორიკაზე აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების მიმართ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდნენ.
„ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერად, რომელიც ხელისუფლების მხრიდან მზარდი ზეწოლისა და შევიწროების წინაშეა და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობას უზრუნველყონ ოქტომბრის ს თავისუფალ და სამართლიან პირობებში ჩატარებას,“ — განაცხადა ჯოშ ჰაკმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილემ ალექსანდრე სოკოლოვსკიმ კი აღნიშნა, რომ 1992 წლიდან დღემდე საქართველოს USAID-სგან დაახლოებით 1.9 მილიარდი აშშ დოლარის დახმარება აქვს მიღებული დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, ჯანდაცვისა და განათლების სისტემის გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების მხარდასაჭერად.
ალექსანდრე სოკოლოვსკის განცხადებით, რუსული კანონი საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს ატარებს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებამ გავლენა მოახდინა ორი ქვეყნის კავშირებზე და მათი პარტნიორობის ტრაექტორიაზე:
„არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, სხვადასხვა სააგენტოში ჩვენ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების და საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარებების ძირეული გადახედვის პროცესში ვართ,“ – აღნიშნა სოკოლოვსკიმ.