უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ ,,ბიოგრაფი ლივინგმა“ ,,საქართველოს ბანკთან“ და სამშენებლო კომპანია ,,ანაგთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შესაბამისად, ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ვაჟა-ფშაველას #25-ში კომპანიის პირველი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის ,,საკენის“ მშენებლობას ,,ანაგი“ განახორციელებს. პროექტი ,,საქართველოს ბანკის“ მიერ არის დაფინანსებული და მისი მშენებლობა, რომელიც აქტიურ ფაზაშია, 2026 წელს დასრულდება.
„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი მრავალფუნქციური პროექტის – „საკენი“ მთავარი პარტნიორები წარვადგინოთ. ჩვენთვის მშენებლობის ხარისხი უპირველესი პრიორიტეტია იმისთვის, რომ მომხმარებლის ნდობა გავამართლოთ. შესაბამისად კონკურენტული შერჩევის გზით გამოვავლინეთ მშენებელი კომპანია ,,ანაგი“, რომელიც დარგში მრავალწლიანი გამოცდილებით და კარგი საქმიანი რეპუტაციით სარგებლობს.
ჩვენი პირველი პროექტის ფარგლებში ვთანამშრომლობთ ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან, როგორსაც ,,საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. ვფიქრობთ, რომ საფინანსო სექტორში წამყვანი ბანკის მხარდაჭერა ჩვენი მომხმარებლის ნდობას განამტკიცებს, კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სექტორის განვითარებას და ქმნის მყარ საფუძველს მომავალი თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა ვასილ ფხაკაძემ, „ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
,,კომპანია „ანაგი“ 34 წელია სტაბილურად არის წარმოდგენილი ქართულ სამშენებლო სექტორში. ჩვენს პორტფელში 300-მდე წარმატებით დასრულებული პროექტი და 200-მდე დამკვეთია. კომპანია „ბიოგრაფი ლივინგთან“ ჩვენი თანამშრომლობა პროექტ „საკენის“ ფარგლებში, ჩვენთვის ძალიან საინტერესოა. აღნიშნული პროექტი გამოირჩევა მრავალფეროვანი არქიტექტურული ფორმებით და შენობის სიმაღლესთან ერთად ქმნის რთულ კონსტრუქციულ სქემას, რომელიც სამშენებლო თვალსაზრისით ერთგვარი გამოწვევაა, რომლისთვისაც ჩვენი კომპანია სრულად მზად არის“, – განაცხადა ირაკლი გოგოლიშვილმა, სამშენებლო კომპანია ,,ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა.
„საქართველოს ბანკისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ბიზნესი მხარდაჭერა და მისთვის საიმედო პარტნიორობის გაწევაა. სწორედ ამიტომ, გვიხარია, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში, როგორიც „ბიოგრაფი ლივინგის“ მასშტაბური, მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობაა. ბანკში მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ სამშენებლო სექტორი და ხელი შევუწყოთ კიდევ უფრო განვითარებაში. უძრავი ქონების ბაზრისადმი ინტერესი მუდმივად მზარდია, ამის დასტურია გალტ & თაგარტის უძრავი ქონების ბაზრის კვლევაც, რომლის მიხედვით 2015 წლიდან 2022 წლის ჩათვლით გაცემული ნებართვებით აშენებული მრავალბინიანი სახლების 82% უკვე გაყიდულია. ამავე კვლევის მიხედვით, პროექტებში, რომლებიც 2023 წელს სრულდება, ბინების 95% გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ ამით არ ჩერდება და მას მასშტაბური გეგმები აქვს. კომპანიის მენეჯმენტი სამომავლოდ ქალაქის რამდენიმე უბანში, მათ შორის წერეთელზე და ისანში რამდენიმე მსგავსი მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ბუნებრივია, ბანკი, როგორც სანდო პარტნიორი ამ პროექტების განხორციელებაშიც საკუთარ წვლილს შეიტანს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად“, – განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ. უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი“ ბაზარზე 2023 წლის მაისში გამოჩნდა და მომხმარებელს ორ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს სთავაზობს. ,,საკენი“ – რომელიც მდებარეობს ვაჟა ფშაველას #25-ში და ,,მატიანი“ – წერეთლის გამზირი #45. პროექტებს გამოარჩევს მდებარეობა, მულტიფუნქციურობა, ასევე ხასიათი და არქიტექტურა, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თბილისის ურბანული გარემოს გაჯანსაღებასა და განახლებაში. “ბიოგრაფი ლივინგის“ მიერ შექმნილი საცხოვრებელი პროექტები ხელს შეუწყობს ქალაქის საერთო კეთილდღეობასა და წარმატებას, ხოლო უძრავი ქონებით დაინტერესებულ პირებსა და პარტნიორებს სთავაზობს მუდმივად მზარდ ღირებულებებს. კომპანია მომავალ წელს კიდევ არაერთი მასშტაბური, ახალი პროექტების დაანონსებას გეგმავს.