ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ სასამართლომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს?! – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა.
მისივე თქმით, სასამართლოს შეუძლია პრეზიდენტის სამართლებრივი აქტის შეჩერება და „კონსტიტუციას წაკითხვა უნდა“.
„ვინ არის ახლა ზურაბიშვილი, ან რა უფლებები აქვს ისეთ, რომ მისი სამართლებრივი აქტის შეჩერება არ შეეძლოს სასამართლოს? სად წერია ეს? კონსტიტუციას უნდა წაკითხვა, ნორმალურად! როგორც შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის კანონი და კანონის შესაბამისი მუხლი გააუქმოს, ასევე შეიძლება პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი შეაჩეროს სასამართლომ. შეერთებული შტატები არის საპრეზიდენტო ინსტიტუტის ყველაზე ძლიერი მაგალითი და ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის პრეზიდენტის განკარგულება შეჩერებული აქვს ამერიკის სასამართლოს და ზურაბიშვილი რომელი ფარაონი მყავს, რომ მისი სამართლებრივი აქტი ვერ შეაჩეროს სასამართლომ?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შეჩერდა საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 15 ივლისის განკარგულება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ. ამასთან, საქმეზე სამართალწარმოების საბოლოოდ დასრულებამდე, საქართველოს პრეზიდენტს აეკრძალა, ახალი კონკურსის ჩატარება და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა ახალი წევრის (ნებისმიერი ფორმით) დანიშვნა. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მ. კ-ს სარჩელი გახდა.