ეს არის ყველანაირი, ადამიანური და სახელმწიფოებრივი ღირსებისგან დაცლილი მოღალატეების პიარ-კამპანია.
არაფერს რეალურად არ იძიებენ. რეალურად გამოძიება თუ გინდა და თუ ეჭვი გაქვს, რომ ვიღაც უკანონობას აპირებს, ასეთ პიარს არ ატარებ.
ეს არის მათი გზავნილი, ვითომ არეულობას ებრძვიან და გლობალურ ომის პარტიას – ამის გამო შეურაცხყოფას აყენებენ იმ ხალხს, ვინც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გამო საკუთარ სიცოცხლეს რისკავს.
ჩვენი მტრების, ვინც გენოციდი მოგვიწყო 90-იანებში, ვინც გვბომბავდა, ვინც ხალხი მოგვიკლა, ვინც ჩვენს არსებობას და ჩვენს ოჯახებს საფრთხეს უქმნის, იმ მტრის წინააღმდეგ არასდროს, არცერთი დაკითხვის შესახებ არ გაგვიგია.
მათი სამიზნე არის ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება, ნებისმიერ ფასად – ქვეყნის, ეროვნული ინტერესების ღალატის ფასად და ამის პიარს ვხედავთ ახლა ჩვენ.
ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ, უკრაინაში მებრძოლ ქართველებისა და ომის ვეტერანების გამოკითხვაზე დაბარებას.
ბოლო რამდენიმე დღეა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უკრაინაში მებრძოლ ქართველებსა და ომის ვეტერანებს გამოკითხვაზე იბარებს. გამოკითხულთა შორის ქართული ლეგიონის უკრაინაში მებრძოლი წევრი ნადიმ ხმალაძე, ანტისაოკუპაციო მოძრაობის აქტივისტი ლაშა ჭიღლაძე და ომის ვეტერანები, ბესო ბენდელიანი, ვაჟა ცეცაძე და კონსტანტინე ჯღამაია არიან. სუს-ი მათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს.