„ფასები და ასორტიმენტი განსხვავებულია, ამიტომ ელკომერციით სულ მეტი მოქალაქე სარგებლობს“ – მენთეშაშვილი

ბოლო 1 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საფოსტო გზავნილების საერთო რაოდენობა 37%-ით გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გზავნილების საერთო რაოდენობამ 13 319 043 შეადგინა, რაც 2022-2023 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36.6%-ით მეტია.
FEDEX საქართველოს ხელმძღვანელი ნინო მენთეშაშვილი ამბობს, რომ ელექტრონული კომერციით სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე სარგებლობს, რისი მიზეზიც ერთი მხრივ შედარებით დაბალი ფასი, მეორე მხრივ კი უფრო ფართო არჩევანია.
„ელექტრონული კომერცია საკმაოდ სწრაფად ვითარდება, ამ ტენდენციას მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც ვხედავთ. ეს გამოწვეულია იმით, რომ ძალიან კარგად არის განვითარებული ის სერვისები, რომელიც სჭირდება ელექტრონულ კომერციას. გარდა ინტერნეტ პლატფორმებისა, მთავარი არის მიწოდების სერვისი, კურიერული მომსახურებები, რაც საკმაოდ კარგად ვითარდება. როგორც ვიცით, საქართველოში საფოსტო სერვისები სრულად ლიბერალიზებულია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ გვაქვს დარგში თავისუფალი კონკურენცია და როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებში, თავისუფალი კონკურენცია განაპირობებს კარგ და სრულყოფილ სერვისებს.
მომხმარებლები არიან როგორც საქართველო მოქალაქეები, ისე მიგრანტები. საქართველოში ცოტა ვუჩივით ასორტიმენტის რაოდენობას. საცალო გაყიდვების ქსელური მაღაზიები ვერ გვთავაზობენ იმ ფართო არჩევანს, როგორსაც ევროპული იგივე ბრენდები, ფასებიც განსხვავებულია და ამიტომ გამოწერით მეტი და მეტი მოქალაქე სარგებლობს.“ – განაცხადა მენთეშაშვილმა.