უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს ეწვევა. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ეს მისი პირველი ვიზიტი იქნება პეკინში.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულება ჩინეთში ხვალ, 23 ივლისს ჩავა და ოთხი დღის განმავლობაში დარჩება.
მედიის ცნობით, კულებას ვიზიტი ჩინელი კოლეგის, ვანგ ის მიწვევით განხორციელდება.
საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს უკრაინის მხარეც. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება „რუსული აგრესიის დასრულების გზების ძიება და ჩინეთის შესაძლო როლი სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის მიღწევაში“.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩინეთში ვიზიტი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა პეკინი მოსკოვის დახმარებისთვის, რომელიც, ზელენსკის თქმით, ცდილობდა გასულ თვეში შვეიცარიაში გამართული სამშვიდობო სამიტის საბოტაჟს.
1tv.ge