შესარჩევი კომისია: სასამართლო ცდილობს უხეშად პრეზიდენტის უფლებამოსილებაში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია. კომისიის წევრებმა ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში გამართეს.
22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის ს მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა.
კომისიის ყოფილი წევრები, რომლებმაც პრეზიდენტს საბჭოს წევრობაზე კახა წიქარიშვილისა და გიორგი ბურჯანაძის კანდიდატურები წარუდგინეს, აცხადებენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და აზიანებს საბჭოს ღიაობას. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმის განსახილველად არსებული ორთვიანი ვადა მოსამართლემ ხუთი თვით გაახანგრძლივა.
“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მოსამართლე ლელა ფოლადაშვილმა უხეშად დაარღვია კონსტიტუციით გარანტირებული ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და შეიჭრა კონსტიტუციით 52-ე მუხლით გარანტირებულ პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში, დამოუკიდებლად შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრი. აღნიშნული გადაწყვეტილებით უგულებელყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დანაწესი, რომელიც არ ავრცელებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოქმედებას საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობაზე. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ემსახურება კანონის უზენაესობასა და საჯარო ინტერესებს და ამ მიზეზით სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით სახიფათოა იმ ფონზე, რომ ამ გზით სასამართლომ ფაქტობრივად თვითნებურად აღიჭურვა თავი გააკონტროლოს, ვინ შეიძლება დანიშნოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად და ვინ არა”, – აღნიშნულია განცხადებაში.