კუნძულ მაიორკაზე მასობრივი ტურიზმი გააპროტესტეს

ესპანეთის კუნძულ მაიორკაზე ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მასობრივი ტურიზმის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში. საპროტესტო მსვლელობა კუნძულის მთავარ ქალაქში, პალმა დე მაიორკაში, 21 ივლისს გაიმართა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, მასობრივი ტურიზმი მკვიდრ მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. მათ შორის, იზრდება ბინის და სხვა ფასები, ზაფხულობით პლაჟების გადატვირთულობა კი მუნიციპალური სამსახურებისთვის დამატებითი ტვირთია, რომელსაც ვერ უმკლავდებიან.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, აქციაში 20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ორგანიზატორების, მასობრივი ტურიზმის მოწინააღმდეგეთა საზოგადოებრივი მოძრაობების თანახმად – დაახლოებით 50 000.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, დემონსტრანტები მოითხოვდნენ მასობრივი ტურიზმის მასშტაბის შემცირებას და არარეზიდენტებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვას.
მაიორკაზე ანალოგიური აქცია მაისშიც გაიმართა. მასობრივი ტურიზმის წინააღმდეგ აპრილ-მაისში და ივლისის დასაწყისში დემონსტრაციები იყო კანარის კუნძულებზეც, ბარსელონაში, ჟირონასა და მალაგაში.
მხოლოდ 2024 წლის პირველ კვარტალში ესპანეთს ესტუმრა 16,1 მილიონი ადამიანი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით მეტია. 2023 წელს ტურისტებმა ესპანეთში დახარჯეს 109 მილიარდი ევრო.
რადიო თავისუფლება