ეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაა — მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „გაუგონარს“ უწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შეჩერებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება.
პრეზიდენტმა ამ პოზიციაზე კახა წიქარიშვილის დანიშვნა გადაწყვიტა, თუმცა სასამართლოს მიმართა კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა. კაკოჩაშვილი მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა თანამდებობაზე სწორედ კაკოჩაშვილი დანიშნოს.
„დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი, მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება, შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი – ამის უფლება არ გაქვთ;
მეორე – ეს არის ხელისუფლების განაწილების პრინციპის დარღვევა;
მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობისა, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში,“ — განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.
მისივე თქმით, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა და მიუღებელია საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისათვის.
„დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა და ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეულ სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილებები.
მივმართავთ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს, რომელიც სრულიად გამჭვირვალე იყო, მივმართავთ და მოვუწოდებთ ყველას აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება,“ — განაცხადა მსხილაძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 15 წევრისაგან შედგება, რომელთაგან 9 მოსამართლე, 6 კი არამოსამართლე წევრია. 5 არამოსამართლე წევრს პარლამენტი ირჩევს, ერთს კი — პრეზიდენტი. რაც შეეხება მოსამართლე წევრებს, მათ მოსამართლეთა კონფერენცია ირჩევს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 5 განაცხადი შევიდა, რომლებთანაც გასაუბრება სპეციალურად შექმნილმა შესარჩევმა კომისიამ ჩაატარა.
კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაცია ორ კანდიდატზე, გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილზე გაუწია, რომელთა შორის სალომე ზურაბიშვილმა საბჭოში დასანიშნად კახა წიქარიშვილი შეარჩია.
კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ მანუჩარ კაკოჩაშვილი, თამარ ალფაიძე და დიმიტრი გაბუნია.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)

ბუნდესტაგის წევრი – კარი აქ არის და კარი ღიაა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ კარის აღებას და მის „ქართული ოცნების“ მიმართულებით გადატანას – ამ კარს არ გადავიტანთ, ერთ ნაბიჯსაც არ გადავდგამთ ევროკავშირის ღირებულებებს მიღმა