დონალდ ტრამპის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯეიმს დევიდ ვენსმა დემოკრატიულ პარტიას უწოდა “საფრთხე დემოკრატიისთვის”.
“დემოკრატიული პარტიის კანდიდატის შერჩევა, რადგან ჯოჯრ სოროსი, ბარაკ ობამა და რამდენიმე სხვა ელიტური დემოკრატი ბოლით სავსე ოთახში (რედ. ამერიკული ჟარგონი, რომელიც საიდუმლო შეხვედრას გულისხმობს) შეიკრიბა და ჯო ბაიდენის გადაგდება გადაწყვიტეს, თურმე ახლა ასე ხდება. ესაა საფრთხე დემოკრატიისთვის. არა რესპუბლიკური პარტია.” – თქვა ვენსმა.
ვენსის თქმით, ბაიდენის კანდიდატურის საკითხი ამომრჩევლებს უნდა გადაეწყვიტათ.
ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატის როლში პირველი დამოუკიდებელი სიტყვით გამოსვლის დროს ვენსმა კამალა ჰარისი გააკრიტიკა, რადგან, მისი თქმით, ის ქვეყნის წარსულს გმობს, ნაცვლად იმისა, რომ მადლიერებით გაიხსენოს. მან ასევე იხუმრა, რომ იმედგაცრუებულია პრეზიდენტი ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვების გადაწყვეტილებით, რადგან მოქმედ ვიცეპრეზიდენტთან დებატები აღარ მოუწევს.
გასულ დღეს ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა, რომ საპრეზიდენტო კამპანიას გამოეთიშებოდა. გასულ დღეებში მან აღნიშნა, რომ ასე მოიქცეოდა, თუ ექიმებისგან შესაბამისი დიაგნოზი იარსებებდა. ამ სიტყვებიდან მალევე გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს Covid-19 დაუდასტურდა.
ბაიდენის მიერ კანდიდატურის დატოვებას წინ უსწრებდა მისი წარუმატებელი დებატები დონალდ ტრამპთან და ასევე სიტყვით გამოსვლა, როცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პუტინი დაუძახა.
დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერები, მათ შორის უდიდესი შემომწირველი – ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი ამბობდა, რომ მათ ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი სჭირდებოდათ.
საპრეზიდენტო კამპანიის დატოვების შემდეგ ბაიდენმა კანდიდატურაზე მხარი ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი ახალი საპრეზიდენტო კანდიდატი ავტომატურად გახდება. დემოკრატიულმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება განცალკევებული პროცესით უნდა მიიღოს.