ნათია ფანჯიკიძე: ეს არის ჩვეულებრივი რეპრესია და შინაპატიმრობა პაციენტებისთვის

“ჯანდაცვის წინა მინისტრს შემოუღია კანონი, რომ მეტადონის პროგრამაში მყოფ ქრონიკულ პაციენტებს, რომლებსაც თავიანთი ექიმები ენდობოდნენ და საშუალებას აძლევდნენ, ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში, ახლომდებარე რაიონული პუნქტიდან ხუთი დღის მეტადონის დოზა ერთბაშად გაეტანათ, კანონით აუკრძალა ეს.
ოღონდ აუკრძალა ისე, რომ ყველა რაიონში პუნქტი არ არის გახსნილი და მაგალითად, რაჭაში მცხოვრები პაციენტი, უმეტესწილად უგაჭირვებულესი, იძულებულია დახარჯოს თანხა და მთელი სამუშაო დღე, უღელტეხილი გადაიაროს ყოველდღე (სამი საათი წინ, სამი უკან), ჩავიდეს ქუთაისში , რომ მიიღოს წამალი, რომლის გარეშეც არ შეუძლია იყოს საკმარისად ქმედუნარიანი. აი ეს რეპრესია გაატარა მინისტრმა, რომელმაც, როგორც აშკარაა, არც დაავადების შინაარსი იცის, არც ადამიანური თანაგრძნობა გააჩნია ათობით ათასი ადამიანის მიმართ, ვინც ამ კონკრეტულ დაავადებას ებრძვის. ეს არის ჩვეულებრივი რეპრესია და შინაპატიმრობა პაციენტებისთვის. ამპუტირებულკიდურებიან ხალხს დაატარებენ ყოველდღე მეტადონის მისაღებად, შედარებით ჯანმრთელ პაციენტებთან ყოველგვარი სპეციფიკური გარემოებების და განსხვავებების გათვალისწინების გარეშე.
იმედია, ახალი მინისტრი, რომელსაც გონიერ ადამიანად ახასიათებენ, გამოასწორებს ამ ბოროტებას (სასურველია მალე) და საერთოდ, მენტალური ჯანდაცვის სხვადასხვა მიმართულებით არც ისე ბევრი დაწესებულება ვმუშაობთ და წელიწადში ერთხელ მაინც ვინმემ რომ მოგვიკითხოს, რა პრობლემებია, რა სჭირდებათ ადამიანებს, რა გამოგვდის კარგად და რას ვერ ვახერხებთ, ამოგვათქმევინოს, არ იქნება ცუდი არც ამგვარი არასწორი გადაწყვეტილებების ასაცილებლად, არც პაციენტებისთვის და არც ჩვენი პროფესიული თემისთვის,” – წერს სოციალურქსელში ნათია ფანჯიკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ, ნინო წილოსანთან ერთად, ბათუმის საპატიო მოქალაქეებს, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შევხვდი (ფოტოები)