პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის განკარგულების შეჩერებაზე “ისტორიაში უპრეცედენტოდ” შეაფასა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის შეფასებით, ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, ასევე, კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის.
ის მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, საკითხზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
“დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – ამჯერად უკვე საქართველოს სასამართლო ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება – შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.
პირველი – თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ, მეორე – ეს არის ხელისუფლების გადანაწილების პრინციპის დარღვევა, მესამე – ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ეს არის პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში უპრეცედენტო ჩარევა, მიუღებელი საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისთვის. დღეს გაუგონარი რამ ხდება, ეს უკვე მთლიანად ქვეყნის ტრაგედიაა. ყველამ უნდა იცოდეს, რომ არავის აქვს უფლება დემოკრატიულად, ხალხის მიერ არჩეული სახელმწიფოს მეთაურს წაართვას მისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული უფლებამოსილება.
მივმართავ საზოგადოებას, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ეუთო/ოდირს, რომლის წარმომადგენლებიც აკვირდებოდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის კანდიდატურის შერჩევის პროცესს. ეს იყო გამჭვირვალე პროცესი, მივმართავ და მოვუწოდებთ ყველას, აღნიშნულ საკითხზე მოახდინონ სათანადო რეაგირება”, – თქვა გიორგი მსხილაძემ.