TMZ-ის ცნობით, ბელა ჰადიდმა იურიდიული მრჩეველი და ადვოკატები დაიქირავა. ტაბლოიდის ინფორმაციით, ამერიკელი სუპერმოდელი სასამართლოში Adidas-ის წინააღმდეგ საჩივრის შესატანად ემზადება.
TMZ-ს წყაროებმა უთხრეს, რომ ბელა შეშფოთებულია, რადგან Adidas-მა თავისი კამპანიით იგი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ 1972 წლის ტრაგედიას დაუკავშირა, რაც ბელას შეხედულებებს ეწინააღმდეგება. სუპერმოდელის თქმით, კამპანია “სასტიკი და დამაზიანებელი” იყო.
ცნობისთვის, 1972 წლის ოლიმპიური თამაშების დროს 8 პალესტინელმა, რომლებიც ტერორისტულ დაჯგუფება შავ სექტემბერთან იყვნენ დაკავშირებული, მიუნხენში ისრაელელი ოლიმპიური ათლეტები მძევლად აიყვანეს და სანაცვლოდ ისრაელისა და გერმანიის ციხეებში მყოფი პალესტინელი პატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. გერმანიის პოლიციასა და ტერორისტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ტერორისტებმა 11 ისრაელელი ათლეტი და ერთი გერმანელი პოლიციელი მოკლეს.
კომპანია Adidas-მა კი, ნახევრად პალესტინელი ამერიკელი მოდელის, ბელა ჰადიდის იმ ფეხსაცმლის (SL72) სარეკლამო კამპანიაში ჩართვა გადაწყვიტა, რომელიც პირველად 1972 წელს მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე გამოუშვეს. ისრაელის სახელმწიფომ ამის გამო კომპანია X-ზე მწვავედ გააკრიტიკა. Adidas-მა მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა, სარეკლამო კამპანია შეწყვიტა და NBC News-თან საუბრისას განაცხადა, რომ დარჩენილ სარეკლამო კამპანიასაც გადახედავდნენ.