რესტორან „ეგნატეს“ მართვაში შესვლის შემდეგ, „ნამდვილი ჯგუფი“ ახალი კონცეფციის რესტორნის გახსნას აანონსებს

თბილისში რესტორან „ეგნატეს“ მართვაში „ნამდვილი ჯგუფი“ შევიდა. როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნამდვილი ჯგუფის“ დამფუძნებელმა, რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა, „ეგნატე“ საავტორო მენიუს რესტორანია და სურს, რომ რესტორანში მოსული სტუმარი ეგნატე ნინოშვილის მუზეუმში მოხვდეს.
„ნამდვილი ჯგუფი“ რამდენიმე ობიექტს მართავს თბილისში და თავის ნოუჰაუს და გამოცდილებას უზიარებს. „ეგნატემ“ სურვილი გამოთქვა, რომ შევსულიყავით მართვაში. რესტორანი ბაზარზე წელს გამოჩნდა და თავისი ხედვა შემოიტანა. ის საავტორო მენიუს რესტორანია და ჩვენი სურვილია, რომ რესტორანში მოსული სტუმარი ეგნატე ნინოშვილის მუზეუმში მოხვდეს“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
მისი თქმით, გასტრონომიაში არის ასეთი ტრენდი, რომელიც წარსულიდან მომავალში ერთგვარ კავშირს პოულობს და სწორედ ასეთი კავშირი იპოვა ეგნატემ, რომელიც თბილისში, ეგნატე ნინოშვილის ქუჩაზე მდებარეობს და სტუმრებს საავტორო მენიუს შესთავაზებს. შოთა ბურჯანაძემ რესტორნის ახალგაზრდა მზარეულ ჯაბა ჭიღლაძეზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, „ისეთ პროდუქტს ქმნის, რომელიც საქართველოში იშვიათია“.
„საერთოდ ქართული გასტრონომია არის მსოფლიო მარგალიტი, რომელსაც ძალიან ლამაზი წარსული აქვს. არსებობს გარკვეული ტრენდი, რაც წარსულიდან მომავლის კავშირის პოვნას გულისხმობს. ამ კაფე-ბარმა ჩემი ყურადღება მიიპყრო იმით, რომ აქ საავტორო მიმართულება შეიძლება განვითარდეს. „ეგნატეში“ ერთი ახალგაზრდა მზარეულია ჯაბა ჭიღლაძე, რომელიც დაჯილდოებულია იმ ნიჭით, რა ნიჭიც მზარეულს უნდა ჰქონდეს და ქმნის ისეთ პროდუქტს, რომელიც საქართველოს იშვიათია. ის ჯერ 26 წლისაა, თვითნასწავლი მზარეულია, მაგრამ დიდი ნიჭი აქვს და შესაბამისად ამ კონცეფციაზე მინდა ავაწყოთ „ეგნატე“, რომ დაკავშირდეს წასული და მომავალი და შეიქმნას ისეთი კერძები, რომელიც განსაკუთრებული იქნება ჩვენი მომხმარებლისთვის, როგორც ადგილობრივი, ისე ჩამოსულისთვის. ვფიქრობ, რომ საავტორო მენიუები უნდა განვითარდეს ქვეყანაში და ჩვენი ცნობადობა, ამ კუთხით, მსოფლიო მასშტაბით, უნდა გაიზარდოს“, – აცხადებს რესტორატორი.
მისი თქმით, „ეგნატეს“ მენიუ თავიდან ბოლომდე ქართულ სამზარეულოზეა დაფუძნებული, თუმცა მზარეულის ხედვითაა გამრავალფეროვნებული. მენიუშია ლობიანი ლორთან და ჯონჯოლთან ერთად, ხაჭაპური თაფლით და ა.შ.
„ნამდვილი ჯგუფის“ მართვაში რამდენიმე ობიექტია, მათ შორის: თავად რესტორანი „ნამდვილი“, „დაკარგული ქოხი“, „სტეიკ ჰაუსი“ და უკვე – „ეგნატე“. შოთა ბურჯანაძემ ისიც დააანონსა, რომ „ნამდვილი ჯგუფი“ ახალი კონცეფციის რესტორანზე მუშაობს, რომელიც 1-1.5 წელიწადში გამოჩნდება ბაზარზე.