„World Vision საქართველო“ – კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, ოჯახის ექიმები და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ

კვალიფიკაციის ამაღლებისა და ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების მიზნით, ოჯახის ექიმები და სოციალური მუშაკები გადამზადდნენ.
ამის შესახებ ინფორმაციას „World Vision საქართველო“ ავრცელებს.
მათივე განმარტებით, თითოეული ბავშვის კეთილდღეობისთვის აუცილებელია, რომ ის ცხოვრობდეს ჯანსაღ და მზრუნველ გარემოში და მისი ფუნდამენტური უფლებები იყოს რეალიზებული, მათ შორის ჯანმრთელობის უფლება, რაც ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, იმისთვის, რომ ქვეყანაში ბავშვს ჰქონდეს განვითარებისთვის შესაბამისი გარემო და მისი უფლებები იყოს დაცული, პროექტის „არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა“ ფარგლებში მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა.
როგორც „World Vision საქართველო“ აცხადებს, პროექტის მთავარ მიზანს ქვეყანაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გაძლიერება წარმოადგენს.
„ამასთან, პროექტი ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება World Vision საქართველოს მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ორგანიზაციის მთავარი ფოკუსი ბავშვია, შესაბამისად, ბავშვების უფლებების რეალიზება და ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის ხელშეწყობა World Vision-ის მუშაობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სწორედ ამიტომ, პროექტის მეშვეობით მოხდა იმ სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება, ვისაც ყველაზე ხშირი შეხება აქვს ბავშვთან და ვისი პასუხისმგებლობაც არის ნებისმიერ ინციდენტზე ან საეჭვო ფაქტზე მოახდინოს სათანადო რეაგირება. ესენი არიან მედპერსონალი და სოციალური მუშაკები, რადგან მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა იყვნენ მუდმივად ინფორმირებული ჯანდაცვის სერვისების შესახებ და შეეძლოთ მოქალაქეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ჯანმრთელობის საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში სპეციალისტები გადამზადდნენ მათთვის შემუშავებული ტრენინგ მოდულებით, რომელსაც მიენიჭა აკრედიტაცია სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ. უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა „აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის, B და C ჰეპატიტებისა და სგგ ინფექციების ეპიდემიოლოგია, პრევენცია, იმუნიზაციის ძირითადი ასპექტები და რისკების კომუნიკაცია“ განკუთვნილია სერტიფიცირებული ექიმებისთვის შემდეგ სპეციალობებში: საოჯახო მედიცინა, პედიატრია, შინაგანი მედიცინა და ოჯახის ექიმებისთვის სოფლად. ასევე, აღნიშნულ ჯანდაცვის საკითხებზე ცალკე ტრენინგ მოდულები შემუშავდა სოციალური მუშაკებისთვის. ტრენინგები 5 სამიზნე რეგიონში – თბილისში, იმერეთში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და აჭარაში ჩატარდა და 800-ამდე სპეციალისტი მოიცვა“, – ნათქვამია „World Vision საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მედპერსონალისთვის, ოჯახის ექიმებისთვის და სოციალური მუშაკებისთვის ჩვენი ექსპერტების მიერ სპეციალურად მომზადდა 6 ტრენინგ-მოდული სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე როგორიცაა: ტუბერკულოზი, აივ ინფექცია/შიდსი, ჰეპატიტები, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, იმუნიზაცია და რისკების კომუნიკაცია. აღნიშნულ ტრენინგებს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყების მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. მოხარულები ვართ, რომ ტრენინგებმა დიდი დაინტერესება გამოიწვია მონაწილეებში და იმედი გვაქვს სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც ჩატარდება მსგავსი სწავლება. გადამზადების შედეგად, როგორც პოლიკლინიკების ექიმები, ისე პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალი და სოციალური მუშაკები პრაქტიკაში შეძლებენ გამოიყენონ შეძენილი ცოდნა და გამოცდილება, რაც უზრუნველყოფს მათ ეფექტურ მუშაობას“, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, ჰეპატიტებისა და სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების სამმართველოს უფროსი მაია წერეთელი.
ნინო ქევხიშვილი, ოჯახის ექიმი თბილისიდან, აღნიშნავს, რომ ტრენინგები მას მუშაობაში და პაციენტის მშობელთან კომუნიკაციაში დაეხმარება. მისივე თქმით, მედპერსონალისთვის აუცილებელია ცოდნის განახლება, რადგან მედიცინის დარგი სწრაფად ვითარდება და ბევრი სიახლეა.
„მსურს, მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რადგან ჩვენ პროფესიონალებისგან მივიღეთ ისეთი რჩევები, რომელიც შეიძლება ვიცით, მაგრამ მიგვავიწყდა და შევიტყვეთ ისეთი სიახლეები სფეროში, რაც აქამდე არ ვიცოდით. მთელი რიგი დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია იმუნიზაცია და პროფილაქტიკური აცრების ჩატარება. როცა მშობელი არ უკეთებს ბავშვს მისთვის განკუთვნილ რუტინულ აცრებს, ამ შემთხვევაში ბავშვის უფლებები ირღვევა, რადგან 18 წლამდე მშობელი არის მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი. ასეთ დროს ჩვენ ვალდებულნი ვართ, მშობელს მივაწოდოთ სწორი და ამომწურავი ინფორმაცია, რათა გავუქარწყლოთ საზოგადოებაში არსებული არასწორი წარმოდგენები“, – ამბობს ექიმი ნინო ქევხიშვილი.
როგორც „World Vision საქართველოს“ ოპერაციების მენეჯერი მაკა ტატუაშვილი განმარტავს, ავტორიზებული ტრენინგ-მოდულები გაციფრულდება და ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრის ვებგვერდზე.მისივე თქმით, სასწავლო მოდულების საშუალებით ყველას ექნება ცოდნის განახლების და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება.
„ჩვენი ერთგული დონორის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჯანდაცვისა და ბავშვთა დაცვის სექტორის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა ერთმანეთისთვის დაგვენახებინა, რაც მათ კოორდინირებულ და ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს. აკრედიტებული მოდულების მეშვეობით საჭირო ცოდნით აღიჭურვნენ ერთი მხრივ სოციალური მუშაკები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ მოწყვლად ოჯახებთან, რადგან მათი საქმიანობა სწორედ ასეთი ოჯახების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და მეორე მხრივ, სტრუქტურირებული ცოდნა მიეწოდათ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს. მოდულების გარდა, პროექტის ფარგლებში, ჩვენ ასევე არაერთი ტრენინგი ჩავატარეთ ბავშვთა უფლებების დაცვის, ძალადობის იდენტიფიცირებისა და სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებს შორის ბავშვთა რეფერირების საკითხების შესახებ. პირველადი ჯანდაცვის წარმომადგენელმა კარგად უნდა იცოდეს, როგორ მოახდინოს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიცირება და შემდგომ რეფერირება. ასევე, სოციალური მუშაკი უნდა ფლობდეს ინფორმაციას პირველად ჯანდაცვაზე, სერვისებზე და რეფერირების პროცედურებზე. მან უნდა გამოავლინოს თუ არის დარღვევები და შესაბამისი რეკომენდაციები გაუწიოს მშობლებს, რომ ბავშვმა დროულად ჩაიტაროს მისთვის განკუთვნილი რუტინული აცრები“, – აღნიშნავს მაკა ტატუაშვილი.
აღნიშნულმა ტრენინგებმა დიდი მოწონება დაიმსახურა სოციალურ მუშაკებშიც.
„ძალიან ბევრ ოჯახთან მაქვს შეხება, შესაბამისად, აღნიშნული ტრენინგი დამეხმარება სრულყოფილად მივაწოდო მათ ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის საჭირო ინფორმაცია; თუ რამდენად საჭიროა გეგმური შემოწმება, აცრების ჩატარება და სკრინინგ გამოკვლევები სხვადასხვა დაავადების პრევენციის მიზნით“, – აღნიშნავს სოციალური მუშაკი აჭარიდან, მირანდა თურმანიძე.
როგორც აჭარის რეგიონული ცენტრის სოციალური სამსახურის სოციალური მუშაკი ბაჩუკი ალფენიძე განმარტავს, ტრენინგებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია, რაც მათ თავიანთი საქმის ეფექტურად შესრულებაში დაეხმარებათ.
„ჩვენ ვართ პირველწყარო, ვინც აწვდის ბენეფიციარს ინფორმაციას, რადგან სწორედ ჩვენ გვიწევს ველზე მუშაობა. ტრენინგებზე ყურადღება იყო გამახვილებული იმაზე, თუ სად შეიძლება კონკრეტული დაავადების შემთხვევაში მკურნალობა, ვის უნდა მიმართოს პაციენტმა და რა სახის სერვისები ფინანსდება. ხშირად მშობლები ორჭოფობენ ბავშვი აცრან თუ არა, ან თვითონ გაიკეთონ თუ არა ესა თუ ის ვაქცინა და კვლევა. აქედან გამომდინარე, ასევე აუცილებელია ქალბატონებს სკრინინგის პროგრამებზე ჰქონდეთ ამომწურავი ინფორმაცია. ამ საკითხების ცოდნა ჩვენთვის აუცილებელია, რადგან ეს ინფორმაციები მუდმივად განახლებადია“,- განაცხადა ბაჩუკი ალფენიძემ.
„World Vision საქართველოს“ ინფორმაციით, სხვა მრავალ მნიშვნელოვან სამუშაოსთან ერთად, სპეციალისტების პროფესიული გაძლიერება და ტრენინგები პროექტის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს, რაც ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას ემსახურება და საბოლოო ჯამში ბავშვის, ოჯახისა და თემის კეთილდღეობაზე აისახება.

ასევე დაგაინტერესებთ