კობახიძე ე.წ. აგენტების კანონზე: საკონსტიტუციო სარჩელს ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება

ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის შესახებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ სარჩელს გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი . მისი შეფასებით, სარჩელი უპერსპექტივოა.
„მე მგონია, რომ ამ სარჩელს ვერავითარი პერსპექტივა ვერ ექნება. შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ გამჭვირვალობა არის ცუდი, სამართლებრივად არის არასწორი. ერთი დადებითი მხარე, რაც აქვს ამ სარჩელს, არის ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაუშვა შეცდომა, აღიარა საკონსტიტუციო სასამართლოს ლეგიტიმაცია. იმ სასამართლოს ლეგიტიმაცია, რომელმაც კონსტიტუციის დამრღვევად გამოაცხადა. ამით მან აღიარა, რომ ქვეყანას ჰყავს კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი, თავადვე აღიარებს ამ ფაქტს, რაც არის ძალიან კარგი. რაც შეეხება სარჩელს, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გამჭვირვალობის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს ვერც სამართლებრივი და ვერც ვერანაირი თვალსაზრისით ვერანაირი პერსპექტივა ვერ ექნება“, – განაცხადა პრემიერმა ხაშურში, იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიების შემდეგ.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც ზურაბიშვილი „აგენტების კანონის“ გაუქმებას ითხოვს. სარჩელის რეგისტრაცია აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ საქმე განსახილველად გადაეგზავნოს პლენუმს – სასამართლოს სრულ შემადგენლობას.
პრეზიდენტს ამ დრომდე არასდროს მიუმართავს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის. ეს საქმე პრეცედენტულია კიდევ ერთი მიზეზის გამო – აქამდე მოსამართლეებს არასდროს უმსჯელიათ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაზე. ამ მუხლის მიხედვით, კონსტიტუციურმა ორგანოებმა „ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
საკონსტიტუციო სასამართლოს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმაც.
ორგანიზაციები სარჩელთან ერთად, დროებითი ღონისძიების სახით, მოითხოვენ „აგენტების კანონში” შეტანილი არაკონსტიტუციური ნორმების ამოქმედების შეჩერებას.
საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს დაძლია პრეზიდენტის ვეტო „აგენტების კანონზე“. ეს კანონი უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ არ დარეგისტრირდება ღირსების შემლახავ რეესტრში და გამოიყენებს ყველა სამართლებრივ ბერკეტს.
კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს დახმარების ნაწილი უკვე შეუწყვიტა ევროკავშირმა, -მა კი განუსაზღვრელი ვადით გადადო სამხედრო სწავლება.

ასევე დაგაინტერესებთ