„მხედველობაშია მიღებული, რომ კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესდეს“ — კობახიძე ამნისტიის კანონპროექტზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი მმართველი პარტიის მიერ პარლამენტში ინიციირებულ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ დოკუმენტი დაბალანსებულია და მხედველობაშია მიღებული ის გარემოება, რომ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არ გაუარესდეს.
კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარით ისინი საზოგადოების ინტერესს უპირისპირდებიან.
„თქვენ გახსოვთ, ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები თვითონ ითხოვდნენ ამნისტიის კანონის მიღებას. ჩვენ დავაინიცირეთ ისეთი კანონპროექტი, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ციხეების განტვირთვას და ასეულობით პატიმარი გათავისუფლდება პირველივე წელს ამნისტიის კანონის საფუძველზე.
ამასთან ერთად, დაბალანსებულია ეს კანონპროექტი. კერძოდ, მაქსიმალურად მხედველობაშია მიღებული ის, რომ არ უნდა გაუარესდეს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება. სწორედ ამ პრინციპით არის შედგენილი ამნისტიის კანონი. როდესაც ამ ვითარებაში ოპოზიცია მხარს არ უჭერს ამნისტიის შესახებ კანონს, ამით ის კიდევ ერთხელ უპირისპირდება საზოგადოების საერთო ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.
პარლამენტმა ამნისტიის კანონპროექტი პირველი მოსმენით დღეს, 19 ივლისს, მიიღო. ამნისტიის საბოლოოდ მიღებას „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.
პროექტით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებს, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოცდაათამდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებს. გარდა ამისა, 1/6-ით შემცირდება სასჯელის ზომა დაახლოებით 225 მუხლის შემთხვევაში.
ამნისტია არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამნისტიის პროექტი „დაბალანსებულია“.

ასევე დაგაინტერესებთ