წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU) მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი (SANGU) მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე მიღებას აცხადებს.
პროგრამა ერთწლიანია, რომლის ფარგლებში მასწავლებლობის ნებისმიერ მსურველს ასაკის შეუზღუდავად ეძლევა შესაძლებლობა, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით მიიღოს უფროსი მასწავლებლის კვალიფიკაცია.
პროგრამის კურსდამთავრებული სერტიფიკატს და სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით დასაქმების უფლებას მიიღებს.
საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, მასწავლებლის მომზადების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზურაბ ბერია მასწავლებლის მომზადების პროგრამების შესახებ გვესაუბრება:
„SANGU-ში მასწავლებლის მომზადების ორი პროგრამა არსებობს: ერთი 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა და მეორე 300 კრედიტიანი ხუთწლიანი ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამა. 60 კრედიტიანი ერთწლიანი პროგრამა მოიცავს, როგორც ზოგადი პედაგოგიკის, ასევე საგნობრივი მეთოდიკის კურსს. თუ ადამიანს უნდა მასწავლებელი გახდეს, მას უნდა ჰქონდეს ბაკალავრის დიპლომი. გარდა ამისა, მან უნდა ჩააბაროს მასწავლებლის გამოცდა იმ საგანში, რისი სწავლების უფლების მოპოვებაც სურს. ზოგიერთი საგანი გაყოფილია და სხვადასხვა საფეხურზე ცალ-ცალკე ტარდება გამოცდა. ასეთია ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა. სხვა საგნებში ასეთი დაყოფა არ არის. არიან უმაღლესდამთავრებულები, ვისაც თავის დროზე, პედაგოგიკა უნივერსიტეტში აქვთ გავლილი და შესაბამისად დიპლომში უწერიათ მასწავლებელი. ასეთ ადამიანებს მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების შემდეგ პირდაპირ შეუძლიათ სკოლაში მასწავლებლად მუშაობა. სხვებმა ერთწლიანი 60 კრედიტიანი სასწავლო პროგრამა უნდა გაიარონ. უკვე მერვე წელია ამ მიმართულებით მიღებას ვაცხადებთ. როდესაც ეს პროგრამა დავიწყეთ, სახელმწიფოს დაფინანსებით 30 ადგილი გვქონდა. პირველ წელს 16 ადამიანი მივიღეთ, მეორე წელს 30 ადგილი სრულად შეივსო. მესამე წელს 70 მსურველი მივიღეთ, შემდეგ წლებში დაფინანსებული ადგილების რაოდენობაც იზრდებოდა, მაგრამ უფრო სწრაფად იზრდებოდა მსურველების რიცხვიც, რისთვისაც ნაწილობრივ ფასიანი ჯგუფები გავხსენით. წელს 150 ადგილი გვქონდა სახელმწიფო დაფინანსებით, თუმცა 240 სტუდენტი მივიღეთ ფასიანი ჯგუფების ჩათვლით. ახლა ველოდებით დაფინანსებული ადგილების კიდევ უფრო გაზრდას. შესაბამისად, 150-ზე მეტ სტუდენტს სახელმწიფოს დაფინანსებით მივიღებთ. გარდა ამისა, შეგვიძლია სხვებს თანადაფინანსებით სწავლება შევთავაზოთ – 40% უნივერსიტეტის წილი იქნება და 60%-ს სტუდენტი გადაიხდის, რაც არის 1350 ლარი წლიურად. ამ თანხას მთელი სემესტრის განმავლობაში ვანაწილებთ, ყველას 4 ნაწილად ვუყოფთ. თუ რომელიმე ადამიანს განსხვავებული პირობები სჭირდება, პირადი განცხადებითა და კონკრეტული შემთხვევების მიხედვით, შეგვიძლია განვიხილოთ და ამ მიმართულებით ალტერნატივა შევთავაზოთ“.
ამჟამად უნივერსიტეტში მოქმედი 15 საგნობრივი მიმართულებაა,
ესენია: ქართული ენა და ლიტერატურა (დაწყებითი) • ქართული ენა და ლიტერატურა (საბაზო და საშუალო საფეხური) • ინგლისური ენა (დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხური) • ისტორია (საბაზო და საშუალო საფეხური) • მათემატიკა (დაწყებითი) • მათემატიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) • ფიზიკა (საბაზო და საშუალო საფეხური) • ქიმია (საბაზო და საშუალო საფეხური) • ბიოლოგია (საბაზო და საშუალო საფეხური) • ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური) • გეოგრაფია (საბაზო და საშუალო საფეხური) • სამოქალაქო განათლება (საბაზო და საშუალო საფეხური) • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება • მუსიკა.
ზურაბ ბერიას განცხადებით, აკრედიტაციის პროცესშია რამდენიმე სასწავლო მიმართულება, როგორიცაა დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი (I-IV კლასები); ქართული, როგორც მეორე ენა; ფრანგული ენა; გერმანული ენა; იტალიური ენა; რუსული ენა; ფიზიკური აღზრდა და სპორტი; სპეციალური მასწავლებელი
„წელს აკრედიტაციის პროცესში ვართ, გაგზავნილი გვაქვს 2 დამოუკიდებელი პაკეტი, ერთი არის სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიანი მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სხვა დანარჩენი საგნობრივი მიმართულებისგან განსხვავებულია და ცალკე გაივლის აკრედიტაციას. გარდა ამისა, აკრედიტაციაზე გაგზავნილი გვაქვს მეორე – პაკეტი, რომელშიც შედის დანარჩენი ზემოთ ჩამოთვლილი 7 საგანი.
იმედი გვაქვს, შემოდგომისთვის უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების პროგრამის ყველა ის საგნობრივი მიმართულება გვექნება, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ისწავლება“, – აღნიშნავს ზურაბ ბერია.
როგორც მან განმარტა, დასაქმებული სტუდენტებისათვის მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო გრაფიკია გათვალისწინებული.
„უნივერსიტეტის მიდგომაა, რომ ნებისმიერ მსურველს მაქსიმალურად კარგი პირობები და ხელშეწყობა ჰქონდეს. ამისათვის ძალიან მოქნილი სასწავლო გრაფიკი გვაქვს. ახლა გვყავს სტუდენტები სამეგრელოდან, აჭარიდან, სვანეთიდან, რომლებსაც ისეთ გრაფიკს ვურჩევთ, რომ სწავლა შეძლონ. ჩვენს მიერ 8 წლის წინ დაწყებული პროგრამა, დღეს ყველაზე მრავალრიცხოვანი არის საქართველოს უნივერსიტეტებს შორის. საგნობრივი მიმართულებითაც ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს. ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ ჩვენი პროგრამა ასე პოპულარულია მასწავლებლობის მსურველთა შორის“, – განაცხადა ზურაბ ბერიამ.
რაც შეეხება აკადემიურ პერსონალს, ზურაბ ბერია აღნიშნავს, რომ პროგრამის ლექტორებად საქართველოში საუკეთესო სპეციალისტები არიან მოწვეული, მათ შორის არიან – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ზოგადი და საგნობრივი ექსპერტ-კონსულტანტები, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის საგნობრივი ექსპერტები, გამოცდილი ტრენერები, სახელმძღვანელოების ავტორები. მათ შორის არიან ისინიც, ვინც ათასწლეულის ფონდ-საქართველოსა და მასწავლებელთა სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოში მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადების პროგრამას ახორციელებდნენ.
დღეისთვის, ზურაბ ბერიას თქმით, SANGU-ს ამ პროგრამის უკვე 1000-მდე კურსდამთავრებული ჰყავს.
„ჩვენ კურსდამთავრებულებთან მუდმივად ვინარჩუნებთ ურთიერთობებს. მათ პერიოდულად ვთავაზობთ ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს. ჩვენი ყოფილი სტუდენტები უამრავ სასწავლო დაწესებულებაში არიან დასაქმებულნი. ხშირია შემთხვევა, როდესაც ჩვენს მიერ სასკოლო პრაქტიკაზე გაგზავნილი სტუდენტი იმავე სკოლაში მასწავლებლად დაუტოვებიათ. ვცდილობთ სტუდენტებს ხელი მაქსიმალურად შევუწყოთ. თანამშრომლობის მემორანდუმი 200-მდე სკოლასთან გვაქვს გაფორმებული და სამომავლოდ, მზად ვართ, ნებისმიერ სკოლასთან ვითანამშრომლოთ. ეს გვეხმარება, იმაში, რომ სტუდენტებს მათთვის ხელსაყრელ და სასურველ ადგილებზე შევთავაზოთ სასკოლო პრაქტიკის გავლა “, – განაცხადა ზურაბ ბერიამ.
როგორც ზემოთ უკვე ითქვა, აკრედიტაციის გავლის შემდგომ უნივერსიტეტი გეგმავს 60 კრედიტიანი სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებას.
უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სპეციალური მასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამის თანახელმძღვანელი, ნათია ნიაური განმარტავს, რა უპირატესობა აქვს აღნიშნულ პროგრამას და რა წინაპირობა არის საჭირო პროგრამაზე მოხვედრისთვის:
„ჩარიცხვის ერთ-ერთი წინაპირობა მასწავლებლის საბაკალავრო კვალიფიკაციაა. ასევე, დარგობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით მსურველს ჩაბარებული უნდა ჰქონდეს 1. მასწავლებლის პროფესიული უნარების გამოცდა; 2. ჰქონდეს სსსმ ან/და შშმ პირებთან ფორმალურ ან არაფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება. უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე მნიშვნელოვანია კანდიდატები შეფასდნენ მათი მოტივაციის და ხედვის გათვალისწინებით, რაც გულისხმობს ინკლუზიური განათლების მიმართ სწორი ღირებულებების ქონას.
სპეციალური მასწავლებლის 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მოწვეულები არიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ლექტორები, რომელთაც ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
სპეციალური მასწავლებელი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც დამოუკიდებლად ან საგნის მასწავლებელთან ერთად ასწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს სწავლის შედეგების გაუმჯობესებისა და სხვადასხვა უნარის განვითარების მიზნით; მისი მთავარი ფუნქცია საგნის მასწავლებლის პროფესიული მხარდაჭერაა, განსაკუთრებით მაშინ როცა კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სწავლობს. ამასთან მნიშვნელოვანია ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების გზით ითანამშრომლოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის ჯგუფთან, განსაკუთრებით სსსმ მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელთან. სასწავლო პროგრამა მთლიანად ითვალისწინებს სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს და მიმართულია ისეთი პროფესიული ცოდნის და უნარ-ჩვევების ათვისებაზე როგორიცაა მაგალითად: მოახდინოს ცოდნის დემონსტრირება ინკლუზიური განათლების არსის, მისი ძირითადი პრინციპებისა და მახასიათებლების, სპეციალური და ინკლუზიური განათლების ისტორიული და ფილოსოფიური საფუძვლების შესახებ; დაასაბუთოს სწავლის უნივერსალური დიზაინის უპირატესობას სწავლების ტრადიციულ სტილთან და გარემოსთან მიმართებაში; მოახდინოს მოსწავლის კოგნიტური, აკადემიური, ფსიქო-ემოციური, მოტორულ და ადაპტური უნარების – ძლიერი მხარეების/შესაძლებლობების და საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაცია; კოლეგებთან თანამშრომლობის გზით დაგეგმოს და განახორციელოს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმა, ინტერვენციის მათ შორის ტრანზიციის გეგმები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. და რაც მთავარია გამოიმუშაოს თვითრეფლექსიის უნარები და მუდმივად იზრუნოს პროფესიულ განვითარებაზე.
მისივე თქმით, პროგრამაში ლოგიკურად იქნება შერწყმული როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული სასწავლო კურსი.
,,შერჩეული გვაქვს 12 საჯარო სკოლა, მათგან ორი სპეციალიზებულია. სკოლების შერჩევისას გავითვალისწინეთ დირექციის ხედვა და ინკლუზიურ განათლებასთან მიმართებით მათი სამოქმედო გეგმები. მათივე სკოლაში შევარჩიეთ ისეთი სპეციალური მასწავლებელი რომლებიც მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაუგროვდათ წარმატებული შემთხვევები.სწორედ მათი კოორდინაციის ქვეშ უნდა აწარმოონ სპეცმასწავლებლის და სსსმ მოსწავლის პორტფოლიო, ხოლო ამ მიმართულებით სუპერვიზიას გაუწევენ უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტები.
სპეციალური მასწავლებლების პროფესიული განვითარების მიზნით ბოლო ერთი წლის განმავლობაში დავგეგმეთ და განვახორციელეთ სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები თემებზე: 1.სპეციალური მასწავლებლის პროფესიული ეთიკა; 2. თვითშეფასების კითხვარი და რეფლექსიური პრაქტიკა; 3. მშობლებთან ეფექტიანი კომუნიკაცია 4. სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს კომპონენტები; 5. ინტერვენციის გეგმის შემუშავება და განხორციელება; 6, დამხმარე ტექნოლოგიების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში.
სპეციალურ მასწავლებლებთან ერთად უნივერსიტეტის მოწვეულმა სპეციალისტებმა გავიარეთ ,,ქონსორთ ჯორჯიას“ მიერ ორგანიზებული ტრენინგ მოდული თემაზე: ,,აუგმენტატური და ალტერნატიული კომუნიკაციების გამოყენება საკლასო სივრცეში“ რის ფარგლებშიც პოლონელმა ექსპერტებმა გაგვიზიარეს საკუთარი გამოცდილება. სამომავლოდ კვლავ ვაპირებთ აღნიშნულ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, იმ მიზნით რომ პროფესიულ დონეზე შევძლოთ სსსმ მოსწავლეებთან დამხმარე ტექნიკური საშუალებების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება. ასევე გვქონდა ვიზიტი 202 საჯარო სკოლაში, სადაც გავეცანით მუშაობის სპეციფიკას და უსინათლო ან/და მცირედმხედველი მოსწავლეებისთვის გაფართოებული სასწავლო გეგმით სწავლების პრინციპებს.
სპეციალური მასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მუშაობის პროცესში სპეციალური განათლების მაგისტრების თანამონაწილეობით შევუმუშავეთ ორი სატრენინგო მოდული. პირველი ესაა ,,ენაზე დაფუძნებული დასწავლის უნარის დარღვევა (LLD)” რომლის ფარგლებშიც მონაწილეები გაეცნობიან ენაზე დაფუძნებული დასწავლის სირთულის რაობას და მახასიათებლებს, გააცნობიერებენ რა გავლენას ახდენს აღნიშნული სწავლის სირთულე წიგნიერებაზე, საკომუნიკაციო უნარებსა თუ ქცევით- ემოციურ სფეროებზე. ისწავლიან აღნიშნული მდგომარეობის ადრეულ იდენტიფიკაციას, ინტერვენციის გეგმის დაგეგმვას და განხორციელებას. ხოლო მეორე მოდული ,,მეგობართა წრე“ ითვალისწინებს თანატოლებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის უნარების განვითარებას და მოსწავლეთა სოციალურ- ემოციური კომპეტენციების გაზრდის ხელშეწყობას სკოლის სივრცეში.
აღნიშნული მოდულებს სექტემბრიდან შევთავაზებთ როგორც სპეცმასწავლებლებს, ისე ყველა დაინტერესებულ პირს.
ბოლოს, უნდა ითქვას ისიც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით აღნიშნული პროგრამის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს, მით უფრო რომ ამ ეტაპზე სპეციალური მასწავლებლის სამაგისტრო პროგრამა შეჩერებულია. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ კვალიფიციურ სპეციალურ მასწავლებელს მნიშვნელოვნად შეუძლია გააუმჯობესოს სწავლა-სწავლების პროცესი არა მხოლოდ სსსმ, არამედ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ან/და რისკის ქვეშ მყოფი მოსწავლეებისთვისაც. მათ მიერ ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარებული ღონისძიებები კი მნიშვნელოვნად ცვლის სკოლის პერსონალის დამოკიდებულებას და განათლებასთან დაკავშირებულ ხედვებს.
როგორც ნათია ნიაურმა აღნიშნა, წელს პირველად მოხდება სპეციალური მასწავლებლის პროგრამაზე სტუდენტების მიღება და იმედი გამოთქვა, რომ ისიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც უნივერსიტეტში არსებული სხვა მიმართულებები.

ასევე დაგაინტერესებთ