ქავთარაძის ქუჩაზე ცათამბჯენები აშენდება – „თავის დროზე ასეთი შეცდომა ამერიკაში დაუშვეს, რამაც სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია“

გასული წლის ბოლოს საკრებულომ თბილისში, ქავთარაძის ქ.#22ა და 22ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა დამტკიცდა. საუბარია ყოფილი, „ინტურისტის“ ავტოსადგომის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია განთავსდეს 1 საოფისე ფართი და 2 საცხოვრებელი კორპუსი. მსენებელი კომპანია „დომუსის“ გეგმის მიხედვით კორპუსების სიმაღლეები 23, 30 და 10 სართული იქნება.
3 ბლოკისგან შემდგარი კომპლექსის ორი ცათამბჯენი საცხოვრებელ შენობას მოიცავს, ერთი 10 – სართულიანი შენობა კი ბიზნეს ცენტრს, კომერციულ ფართებს, საოფისე სივრცეებს, კაფე-რესტორანს გააერთიანებს. გარდა ამისა, კომპლექსი 400 ავტომობილზე გათვლილ ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომსაც მოიცავს.
საბურთალოს ტერიტორიაზე აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია იმ რამდენიმე ცათამბჯენს შორის, რომელიც „სითი მოლის“ მიმდებარედ შენდება. პროექტების დასრულების შემდეგ რა პრობლემების წინაშე შესაძლოა აღმოჩნდეს აღნიშნული ტერიტორია საგზაო მოძრაობის კუთხით და რამდენად შეძლებს დიდი რაოდენობის ნაკადების გატარებას არსებული ინფრასტრუქტურა, ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ავტომრბოლელი მევლუდ მელაძე „კომერსანტთან“ ისაუბრა.
„თავის დროზე ასეთი შეცდომა ამერიკაში დაუშვეს, ტენდენცია იყო მაღალსართულიანი ცათამბჯენების მშენებლობების, რამაც გამოიწვია სატრანსპორტო კოლაფსი, ისწავლეს ჭკუა და ამიტომ ჯერ გზას აკეთებენ და ხდება გათვლა, თუ რას აიტანს კონკრეტული მონაკვეთი და იმის მიხედვით შენდება შენობები თუ სასტუმროები“, – ამბობს მევლუდ მელაძე.
მისი თქმით, კონკრეტული ადგილი ისედაც დატვირთულია, გეგმაში კიდევ სხვა ცათამბჯენებიც არის, ამიტომ რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ასეთმა გრანდიოზულმა შენობებმა.
„სპეციალისტების უმრავლესობა ასე თვლის, რომ ნებისმიერი დიდი შენობა, რაც არ უნდა გაკეთდეს, გარდა საგზაო მოწყობისა, უნდა იყოს გათვლილი შესაბამისი რაოდენობის საპარკინგე ინფრასტრუქტურაზე, ვიმედოვნებ ამ კუთხით აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას გაითვალისწინეს. თუმცა მთავარია სატრანსპორტო მოწყობა და ამის საშუალებას უნდა იძლეოდეს აღნიშნული ტერიტორია. კონკრეტული ადგილი ისედაც დატვირთულია, გეგმაში არის კიდევ სხვა ცათამბჯენებიც, ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შეიძლება მიიღოს სატრანსპორტო ნაკადები ამხელა გრანდიოზულმა შენობებმა“, – ამბობს მევლუდ მელაძე.
კომპანია „დომუსის“ ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, მშენებლობა დაახლოებით 3 წელიწადში დასრულდება, ამ დროისათვის კვ.მ-ის ფასი 4730 – 6480 ლარს მოიცავს.