მუნიციპალურ ინსპექციას „ამბასადორი აილენდის“ უკანონო მშენებლობა ჯერ კიდევ არ შეუსწავლია

მიმდინარეობს შესწავლა – გვიპასუხეს ს მუნიციპალურ ინსპექციაში, როცა „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ უკანონო მშენებლობაზე ვიკითხეთ. ინსპექციას ვკითხეთ, რა რეაგირება ჰქონდა ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, სახელმწიფოს ტერიტორიაზე მერის ნებართვის გარეშე დაწყებული მშენებლობის გამო.
ამ მშენებლობის თაობაზე „ბათუმელებმა“ 13 ივლისს გამოაქვეყნა სტატია. დღეს 20 ივლისია, მასალის გამოქვეყნებიდან კი ხუთი სამუშაო დღე გავიდა. თუმცა ინსპექციას არც კი გაუფრთხილებია კომპანია, რომელიც ქალაქის თვალსაჩინო ადგილას უკანონოდ აშენებს. მერიის პასუხია – „მიმდინარეობს შესწავლა“ .
ასე ხდება „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ შემთხვევაში, როცა დიდ ფულს დიდი ძალა აქვს, სხვა დროს კი ინსპექცია გაცილებით ოპერატიულია. საქმე ისაა, რომ ეს კომპანია აჭარის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს.
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ 82 პროცენტი ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის. ამ კომპანიამ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობისას სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ყოველთვის სარგებლობდა აჭარის მთავრობის მხარდაჭერით: ნაბართვის გამცემი ორგანო, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, ყოველთვის ითანხმებდა ახალ პროექტს, რაც დარღვევას ამართლებდა. ელგუჯა ქებურიას კიდევ ერთ კომპანიას – „ამბასდადორი ბათუმი აილენდს“ კი ბათუმში, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე 89 ჰექტარი სივრცე, საქართველოს მთავრობამ, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად და 65-წლიანი აღნაგობის უფლებით გადასცა.
ბათუმის საკრებულოს უმრავლესობამ კი მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ბულვარის დაცვისა და განვითარების გეგმიდან ამოიღეს ჩანაწერი, რომ „ამბასადორის“ პროექტი ბულვარისთვის შეუსაბამოა.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, შესასწავლი აღარაფერია და „ამბასადორი ბათუმი აილენდმა“ ოდისეი დიმიტრიადის ქუჩაზე, საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა ნამდვილად უნებართვოდ, შესაბამისად უკანონოდ დაიწყო.
დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს 2 დღის წინ, 17 ივლისს შეათანხმეს, ეს პირველი ეტაპია, ამის შემდეგ კომპანიამ მერის თანხმობა უნდა მიიღოს არქიტექტურულ ნაწილზე, შემდეგი ეტაპი კი სამშენებლო ნებართვის გაცემა იქნება.
ზღვასთან ახლოს, ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის გასწვრივ, 3445 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ ხუთი წლის ვადით, საიჯარო წესით გადასცეს. ნაკვეთის გასხვისების საფუძვლად საჯარო რეესტრის ამონაწერში ბათუმის საკრებულოს განკარგულებაა მითითებული. ეს იმის გამო, რომ ნაკვეთი მუნიციპალიტეტს ეკუთვნოდა, ვიდრე ის მთავრობამ „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ გადასაცემად არ მოითხოვა. ამ თემაზე ვრცლად წაიკითხეთ აქ.
დოკუმენტებისთვის მიხედვით, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა, „ამბასადორი ბათუმი აილენდისთვის“ საიჯარო წესით გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრის განთავსების თაობაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2024 წლის 02 მაისს მიწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა. მერმა მინისტრს შესაბამისი დოკუმენტებიც გადაუგზავნა. 1 ივლისს მერს მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ აცნობა, რომ წინააღმდეგი არ არის:„სამინისტრო არ არის წინააღმდეგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვით განთავსდეს საპროექტო ობიექტი, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრი.“
საპროექტო ტერიტორია მდინარეების ბარცხანისა და ყოროლისწყალს შორის მდებარეობს. დოკუმენტების მიხედვით პროექტით გათვალისწინებულია პანორამული ხედების მქონე, ტურისტული ინფრასტრუქტურისათვის საჭირო ერთსართულიანი შენობის მშენებლობა, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 5 მეტრი უნდა იყოს.
შენობაში უნდა განთავსდეს საკონფერენციო დარბაზი, საპრეზენტაციო სივრცე, ადმინისტრაცია და სამუშაო სივრცეები, ასევე სამზარეულო, საკუჭნაო, სველი წერტილი და პანდუსი. შენობის მოშენების ფართობია 200 კვ.მეტრი. გადახურვა უნდა მოოეწყოს მსუბუქი კონსტრუქციით:
„მასალად გამოყენებული იქნება სენდვიჩ-პანელის სახურავი. სამუშაო სივრცეების ტიხრებად ასევე გამოყენებული იქნება მინის და მსუბუქი პანელების კონსტრუქციები. საპროექტო შენობის მზიდი კონსტრუქცია წარმოადგენს ლითონის კარკასს, საძირკვლები წერტილოვან ტიპს. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შენობის ირგვლივ, როგორც კორდის, ბუჩქების, დეკორატიული ნარგავების, გაშენება“, – ეს დოკუმენტებით, შეასრულებს თუ არა ამ ყველაფერს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ , რომელისთვისაც სამშენებლო კოდექსის დარღვევა დიდი ხნის ჩვევა ან მუსაობის სტილია, ეს მომავალში გამოჩნდება.
წყარო: ბათუმელები