„წლებია საპირფარეშოები არ არის“ – ტურიზმის სექტორის გამოწვევები ჯუთაში

„ჯუთა ჰაუსის“ დატვირთულობა მიმდინარე პერიოდში 60%-ს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ სასტუმროს მფლობელმა ნანუკა არაბულმა განუცხადა.
როგორც არაბული აღნიშნავს, წინა წლებთან შედარებით სასტუმროში მოთხოვნა თითქმის არ გაზრდილა. „ჯუთა ჰაუსი“ სტუმრების რაოდენობის ზრდას აგვისტოს თვეში ელოდება.
„ვერ ვიტყოდი რომ გაზრდილია წინა წელთან შედარებით მომართვიანობა, თითქმის იგივეა მდგომარეობა, რაც წინა წლებში იყო. აგვისტოს თვეზე ვამყარებთ უფრო მოლოდინებს. დაახლოებით 60%-ით იქნება სასტუმრო ახლა დატვირთული. 50-50-ზე არიან უცხოელი და ადგილობრივი ტურისტები ჩვენს სასტუმროში. შერეულად არიან სხვადასხვა ქვეყნებიდან“, – აღნიშნავს არაბული.
არაბულმა ისაუბრა ჯუთაში არსებულ გამოწვევებზე, რაც ტურისტული კუთხით მხარის განვითარებას უშლის ხელს და აღნიშნა, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა ჯუთაში კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს.
„საპირფარეშოები არ არის, ეს წლებია გვაწუხებს. გზის პრობლემაა ისევ, მაგრამ ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. თუმცა ეს რეაბილიტაციაც აფერხებს ტურიზმს, ხან იხსნება გზა, ხან იკეტება“, – განაცხადა ნანუკა არაბულმა.
შეგახსენებთ, სოფელ ჯუთასკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო და ჯერჯერობით არ დასრულებულა. bpn-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ მეწყრულ მონაკვეთებზე ჩასატარებელი სამუშაოებისთვის კვლევები დასრულებულია და ადგილზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რეაბილიტაციის პირველი ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება.