„ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ვერ მოერევა იმ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ვისაც პარტიასთან ერთად ბრძოლა უნდა, კარი ყველასთვის ღიაა.
„ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალურად მოქმედების უფლება. ჩვენი კარი ღიაა, ვისაც უნდა პარტიასთან ერთად ბრძოლა, იბრძოლოს პარტიასთან ერთად. ვინც „არც იქანა მიიღონ, არც აქანა მიიღონ“ და არსად არ უნდათ, ამას მე, ლევან ხაბეიშვილი ვერ მოვაგვარებ.
ძალიან მარტივს რამეს გეტყვით, ყველა ადამიანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ინსტრუმენტი ივანიშვილის, კორუფციის და რუსული ოცნების დამარცხებისთვის არის გამარჯვების კოალიცია „ნაციონალური მოძრაობა“. კონკრეტული ადამიანები მაწუხებს თუ არა? ყველა ადამიანი მაწუხებს აბსოლუტურად და მინდა, რომ ყველა ერთად ვიყოთ, თუმცა თუ მათ ეს არ სურთ, ეს დაგვაზიანებს თუ არა? ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იმდენად ძლიერი ორგანიზმია, რომ კონკრეტული ერთი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, როცა იდეოლოგიაზე და ღირებულებებზე ვსაუბრობთ, ვერ მოერევა ამ წარმატებას, რომლისკენაც მივდივართ ჩვენ. ამიტომ როცა კონკრეტულ სახელსა და გვარებზე ვლაპარაკობთ, მათზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც არიან სხვადასხვა რეგიონში და ქალაქებში, რომლებიც ხმის ამოუღებლად 24 საათი მუშაობენ. ამიტომ ჩვენი საქმე ის კი არ არის, რომ კონკრეტულ ადამიანებს ნერვებზე მასაჟები ვუკეთოთ, ჩვენი საქმეა ბრძოლა და ამას ვაკეთებთ. ვისაც უნდა მოგვყვება. სხვა ბრძოლის ხერხს ირჩევს? ღმერთმა გაუმარჯოს. ჩვენ მხოლოდ დავეხმარებით ყველას და საარჩევნო უბნებზე ჩვენს ინფრასტრუქტურას ვთავაზობთ. დავიცვათ ყველას ხმა“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში კიდევ შეიკრიბება პოლიტსაბჭო და 23 ნოემბრის მანიფესტს კონკრეტული ადამიანები შემოუერთდებიან, მათ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს პოლიტსაბჭოს ყოფილ წევრებთან.
„23 ნოემბერს ძალიან კარგი ღონისძიება ჩატარდა, რომელიც ეძღვნებოდა „ვარდების რევოლუციას“ 20 წლისთავს. ზოგი კონკრეტული ლიდერი დაიმალა ამ დროის განმავლობაში. ყველა მიხვდება რაზეც ვსაუბრობ.
ამის შემდეგ ჩვენ ვმუშაობდით ამ კონკრეტულ ადამიანებთან, ვინც დღეს თქვენს წინაშე იყო და მათ აქვთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ყველა ერთად ვაპირებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას. ყველა ადამიანთან იყო საჯარო და პირადი კომუნიკაცია. ვინც თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა იბრძოლოს, დღეს თქვენ აქ ნახეთ ეს ადამიანები. გარწმუნებთ, უახლოეს პერიოდში, შემდეგ პოლიტიკურ საბჭოზე კიდევ კონკრეტული ადამიანები ამ მანიფესტს შემოუერთდებიან. მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლიტიკური საბჭოს ყოფილ წევრებთან. კარი არის ღია.
ღია კარის მტვრევას ყველა უნდა შეეშვას. „ნაციონალური მოძრაობა“ შანტაჟს არ ექვემდებარება. ვისაც უნდა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუძლიათ ეს აკეთონ „ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.