ბათუმის, ქობულეთის, ფოთისა და ანაკლიის სანაპირო ზოლში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმის სანაპირო ზოლში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დილიდან ბულვარისა და მუნიციპალური სამსახურის მობილური ჯგუფები სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ბულვარის ტერიტორიიდან ქვა-ღორღის გატანა და ტერიტორიის დასუფთავება. პარალელურად, იწმინდება ზღვაში შემავალი სანიაღვრე არხები, ტერიტორიიდან გააქვთ დაზიანებული ინფრასტრუქტურა და შტორმის შედეგად გამორიყული ნარჩენები.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს ქობულეთშიც, სადაც დაზიანებულია სანაპირო ინფრასტრუქტურა. დანგრეულია ჯებირები, ელექტრო ენერგიის გადამცემი ბოძები. სანაპირო ზოლთან მცხოვრებ მოსახლეობას დაეტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.
“ახლა მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. როგორც კი დასრულდება გაწმენდითი სამუშაოები, დავითვლით ზარალს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზარალი დიდია. დაითვლება, მივიღებთ გადაწყვეტილებას და დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს. რაც შეეხება მოსახლეობას, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაითვლიან მოსახლეობას რა ზიანი მიადგა და კანონის მიხედვით ყველა მოქალაქე იქნება დაკმაყოფილებული,”- აცხადებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ზოიძე.
გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ფოთსა და ანაკლიაშიც, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო