ტელეკომპანია პირველი არხის ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის საქმეზე დაკავებულ პოლიციელს აღკვეთის ღონისძიების სახით თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულ პოლიციელს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ბრალდებულის დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს გირაოს შეფარდების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
სასჯელი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, 19 ივლისს, დილის საათებში საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი იმ დღესვე დააკავეს.