გლობალური IT-შეფერხება 8.5 მლნ კომპიუტერს შეეხო – Microsoft

Microsoft-ი აცხადებს, რომ გლობალური IT-შეფერხების შედეგად 8.5 მილიონი კომპიუტერი დაზარალდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნული რაოდენობა გლობალურად Windows-ის მოწყობილობების დაახლოებით 1%-ია, თუმცა ეკონომიკური და სოციალური ეფექტი მაინც დიდი იყო.
ცნობისთვის, პარასკევს, მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გაუქმდა, შეფერხდა აეროპორტების, ბანკების, მედიაორგანიზაციების, კლინიკების და სხვა დაწესებულებების მუშაობა. მიზეზი კი კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია CrowdStrike-ის მიერ განახლების პროცესი გახდა.
“ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ყველასთვის – ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, რომ პრიორიტეტი მივანიჭოთ უსაფრთხოებას”, – განაცხადა Microsoft-ის ვიცეპრეზიდენტმა, დევიდ უესტონმა.
CrowdStrike არის ამერიკული კომპანია, რომელიც ქმნის პროგრამულ უზრუნველყოფას და ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოებაში ეხმარება. მას მსოფლიოს Fortune 500-ის კომპანიები იყენებენ, მათ შორის წამყვანი გლობალური ბანკები, ჯანდაცვის და ენერგოკომპანიები.
თავის მხრივ CrowdStrike იყენებს ე.წ. ქლაუდ ტექნოლოგიას, რათა ინტერნეტთან მიერთებულ მოწყობილობებზე კიბერდაცვა უზრუნველყოს. სწორედ აღნიშნული კომპანიის განახლების პროცესის ხარვეზმა გააჩერა მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით კომპიუტერი.
პარასკევის IT-შეფერხება 2017 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ შეფერხებად დასახელდა. 2017 წელს 150 ქვეყანაში 300 000 კომპიუტერი გამოვიდა მწყობრიდან, რაც კიბერთავდასხმის შედეგი იყო. მომდევნო გლობალური შეფერხება 2021 წელს იყო, როდესაც Meta-ს 6-საათიანმა ხარვეზმა, Instagram-ის, Facebook-ის და WhatsApp-ის მუშაობა შეაჩერა. თუმცა მაშინ შეფერხება მხოლოდ სოციალურ მედიას ეხებოდა.
წყარო: BM.GE

ასევე დაგაინტერესებთ