საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, წნორში, “ცოდნის კაფეს” ესტუმრა და ახალგაზრდებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ისინი ხელმოწერების კამპანიას – “ჩვენი ხმა ევროპას” შეუერთდნენ და ევროპული გზის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს.
სალომე ზურაბიშვილმა მათ აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა და ევროპისა და თავისუფლების მნიშვნელობაზე ესაუბრა:
მე მინდა ვთქვა ის, რომ ჩვენ აქ, თქვენთან ერთად ვაგრძელებთ იმ ევროპის ხმის კამპანიას, რომელიც ნიშნავს, რომ ჩვენ გვინდა, რომ მივაწვდინოთ ევროკავშირს ხმა არამხოლოდ ხელისუფლების თუ პოლიტიკური პარტიების, არამედ ხმა მოქალაქეების. იმიტომ რომ ევროპა არის, პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოქალაქეებზე გადავიდეს ის კეთილდღეობა, რისთვისაც ჩვენ გვინდა ევროპა და რისთვისაც ჩვენ გვინდა, რომ ევროპის სტანდარტები, ევროპის წესები შემოვიდეს ჩვენთან. არა ის, რომ ჩვენ გადავიდეთ ევროპაში, ჩვენ შევალთ როგორც სახელმწიფო, მაგრამ ევროპა ნიშნავს, რომ ყოველ ადგილას და, პირველ რიგში, რეგიონში, სოფელში, ყველა ადგილას, სადაც ცხოვრობენ თავისუფალი ადამიანები, იქ გადმოვიდეს ის სტანდარტები, რისთვისაც და რის გამოც ჩვენ მოგვწონს ევროპა. რისთვისაც და რის გამოც თქვენ მიდიხართ სასწავლებლად ევროპაში და თვლით, რომ იქ შეიძლება შეიძინოთ ის გამოცდილება, ის თავისუფლება, რასაც მერე თქვენ მოახმართ ამ სოფელს, ამ ქალაქს, ამ ქვეყანას. თავისუფლება ვთქვი სიტყვა და ალბათ ეს არის ის პირველი ღირებულება, რომელიც გვაერთიანებს ევროპასთან. თუ საქართველო დღემდე მოვიდა და დღემდე დგას ასე ძლიერად, რაც არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ დღეს ჩვენ შეიძლება უფრო მდიდარი ქვეყანა უნდა ვიყოთ, უფრო ასეთი, უფრო ისეთი, მაგრა დგას ფეხზე ეს ქვეყანა იმიტომ რომ ყოველთვის იყო თავისუფლების მოყვარე. და ჩვენ არასოდეს არ უნდა დავთმოთ ეს თავისუფლება, იმიტომ რომ თავისუფალი ადამიანის გარდა, მაშინ არაფერს არ აქვს ფასი. თავისუფალი ადამიანი არის ის, რომელიც არის შემოქმედი ადამიანი. და ჩვენ როცა ვაფასებთ ჩვენს კულტურას, იმიტომ ვაფასებთ, რომ სწორედ იყო თავისუფალი შემოქმედება და ამან შექმნა ქართული კულტურა. და ეს არის თავისუფლება და თავისუფლების სიყვარული, რომელმაც შეძლო, რომ არავის არ დავუთმეთ ეს კულტურა… არ არის არანაირი წინააღმდეგობა ჩვენი კულტურის, ჩვენი იდენტობის და ევროპის ღირებულებებს შორის პირიქით, ეს არის სრული თავსებადობა. ამითი ერთი მეორეს აძლიერებს და ევროპა არის ალბათ ის გაერთიანება ქვეყნების, სადაც ყველაზე მეტად არის დაცული სხვადასხვა ქვეყნის იდენტობა, კულტურა, ენა და თავიანთი რეგიონული ენებიც. ეს ყველაფერი ქმნის ევროპულ მრავალფეროვნებას… ჩვენ ეს ევროპა გვინდა, როგორც არის და არა რაღაცა სხვა იდეოლოგია, რომელიც თავმოხვეული იქნება ჩვენზე,” – ამბობს ზურაბიშვილი.