საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა შევუზღუდოთ, თუ საერთო ღირებულებებს არ გაატარებს – ლატვიის პრეზიდენტი

ლატვიის პრეზიდენტის, ს განცხადებით, საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა და სწორედ ამიტომ ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია, წინა წლებისგან განსხვავებით, აღარ იმეორებს დაპირებას, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება.
ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, თუ საქართველოში გადაწყვეტენ, რომ ევროკავშირის ღირებულებებს არ ატარებენ, მაშინ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა შეუზღუდონ.
„ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ძალიან შორს წავიდა, ვფიქრობ, რომ „უცხოეთის აგენტების“ კანონით, საკუთარი საზოგადოების, ევროკავშირისა და ნატოს ყველა მოწოდების იგნორირებით, მათ გადაწყვიტეს, რომ შეუძლიათ იცხოვრონ ნატოსა და ევროკავშირის წევრობის გარეშე. დიახ, ფორმალურად საქართველო კანდიდატი ქვეყანაა, მაგრამ, მოდით თვალი გავუსწოროთ ამას, ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ. თუ ამას არ აკეთებ, არ ხარ ამ კლუბის ნაწილი. ეს შენი სუვერენული გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
მისი თქმით, თუკი რომელიმე ქვეყანას სურს გახდეს ნატოსა და ევროკავშირის წევრი და ის არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, ეს მისი სუვერენული არჩევანია, თუმცა წევრი სახელმწიფოების სუვერენული არჩევანია ისიც, რომ აღარ გააგრძელონ ეს პროცესი.
„მე ვიმედოვნებ, რომ საქართველო სერიოზულად გადახედავს ზოგიერთ კანონმდებლობას, და თუ ეს ასე არ მოხდა, ნუ ელოდებით ჩვენგან იმის შესაძლებლობის განხილვას, რომ საქართველოსთან პროცესი გაგრძელდეს.
ეს არ ეხება [კანდიდატი ქვეყნების თაობაზე] შეუქცევად თუ შექცევად გადაწყვეტილებას. ეს ეხება იმას, რომ კანდიდატმა ქვეყნებმა იმ ორგანიზაციების კრიტერიუმები და პირობები უნდა შეასრულონ, რომელთა ნაწილად ყოფნაც სურთ“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.
როგორც ლატვიის პრეზიდენტი აცხადებს, არჩევანი საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს როგორი ქვეყნის აშენება სურს.
„ქართველი ხალხის ნაცვლად, ჩვენი გადასაწყვეტი არაა, მათ როგორი ქვეყნის აშენება სურთ. პირადად მე სრულად ვცემ პატივს ნებისმიერ არჩევანს, რომელსაც ქართველი ხალხი მოახლოებულ არჩევნებზე გააკეთებს. ქართველმა ხალხმა უნდა შეხედოს სხვადასხვა პარტიის შეთავაზებას.
მე არ მინდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ სადაც ლატვიას ხმის უფლება აქვს – ნატოში იქნება ეს თუ ევროკავშირში, ჩვენი პოზიცია ძალიან მტკიცეა: თუკი ქვეყანა არ აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, არ აგრძელებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, მაშინ ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შეუძლიათ თავიდან შეაფასონ (გადააფასონ) მათი თანამშრომლობა, მათი დახმარების პროგრამები.
ჩვენ მოგვისმენია, რომ საქართველოს ოფიციალური პირები უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით გარკვეულ გამოწვევებზე საუბრობდნენ. თუკი ისინი ფიქრობენ, რომ ევროინტეგრაციის და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციიდან გადახვევა არის გზა, რომლითაც ისინი საკუთარ უსაფრთხოებას გააუმჯობესებენ, მაშინ ესაა მათი ახსნა საზოგადოებისთვის. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მზად ვართ გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა და მისი მხარდაჭერა, თუკი საქართველო მზადაა გააგრძელოს იმ ღირებულებების დაცვა, რომელსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ.
მაგრამ ის, უსაფრთხოების კუთხით რა შედეგები მოჰყვება ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, ამაზე პასუხის გაცემას საქართველოს მთავრობას მივანდობდი“, – განაცხადა ედგარს რინკევიჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ