გაეროს სასამართლომ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – ICJ) განაცხადა, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება.
სასამართლოს დადგენილებით, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მოწყობა, ამ ტერიტორიებისა და ღაზის სექტორის უკანონოდ დაკავება, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად.
ამის საპასუხოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლომ „ცრუ გადაწყვეტილება“ მიიღო.
„ებრაელი ხალხი საკუთარ მიწაზე, საკუთარ მარადიულ დედაქალაქ იერუსალიმში, ჩვენი წინაპრებისგან მემკვიდრეობით გადმოცემულ იუდეასა სამარიაში, ოკუპანტები არ არიან. […] ჰააგის ვერც ერთი ცრუ გადაწყვეტილება ვერ დაამახინჯებს ამ ისტორიულ ჭეშმარიტებას. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დადგება ჩვენი სამშობლოს ნებისმიერ ნაწილში ისრაელის დასახლებების კანონიერება“, — თქვა ნეთანიაჰუმ.
სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკური წონა აქვს. როგორც BBC წერს, პირველად მოხდა, რომ ICJ 57-წლიან ოკუპაციაზე, მის კანონიერებაზე პოზიციას ახმიანებს.
სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა თავისი მოსახლეები დასავლეთ სანაპიროდან და აღმოსავლეთ იერუსალიმიდან უნდა გადაიყვანოს, ასევე კომპენსაცია გადაუხადოს პალესტინელებს იმ ზიანის გამო, რაც მათ ოკუპაციამ მიაყენა.
ისრაელს 1967 წელს აქეთ დაახლოებით 160 დასახლება აქვს გაშენებული დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში, სადაც 700 000-მდე ებრაელი ცხოვრობს.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ახლა უნდა გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი რეაგირება სასამართლოს მიგნებებზე, მიიღებს თუ არა რეზოლუციას.
ეს სხვა საქმეა და განსხვავდება იმ საქმისგან, რომელსაც ICJ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წინადადების საფუძველზე განიხილავს და რომელიც გულისხმობს ისრაელის მხრიდან გენოციდის მოწყობას პალესტინელთა წინააღმდეგ ღაზაში მიმდინარე ომში.