ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
მასობრივი დემონსტრაციების ფონზე კი ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა.
ბანგლადეში მასობრივმა პროტესტმა ივლისის დასაწყისში, მას შემდეგ იფეთქა, რაც ხელისუფლებამ საჯარო სექტორში სამუშაო კვოტების აღდგენა გადაწყვიტა, რომელიც 2018 წელს სტუდენტური პროტესტის შემდეგ გააუქმა.
კვოტირების სისტემის მიხედვით, რომლის შემოღებასაც ბანგლადეშის ხელისუფლება გეგმავს, სამთავრობო სამუშაოების 30% იმ ვეტერანთა ნათესავებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც 1971 წელს ბანგლადეშის დამოუკიდებლობისთვის ომში იბრძოდნენ.
სტუდენტები, რომლებიც ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემას ითხოვენ.
პროტესტის ყველაზე სისხლიანი დღე, პარასკევი, 19 ივლისი აღმოჩნდა. დედაქალაქ დაკაში რამდენიმე ასეულმა დემონსტრანტმა სტუდენტმა გზები გადაკეტა და პოლიციასთან შეტაკება მოხდა.
საერთაშორისო მედიის ცნობით, პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მათივე ცნობით, დედაქალაქში ხანძრის მრავალი კერა შეინიშნებოდა.
მთავრობა დაღუპულთა რაოდენობას არ ასახელებს.
AFP-ის საინფორმაციო სააგენტოს მონაცემებით, რომელიც დაფუძნებულია ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებიდან მიღებულ ინფორმაციაზე, აქციებზე დაღუპულთა რიცხვმა 105-ს მიაღწია. დაკას სამედიცინო კოლეჯის საავადმყოფოს მიერ შედგენილი სიის მიხედვით, მინიმუმ 52 ადამიანი პარასკევს დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ