თამბაქოს წარმოება ლიცენზირებული საქმიანობა ხდება – პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოში თამბაქოს პროდუქტების წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს მხარი დაუჭირა.
კანონი რამდენიმე ძირითად საკითხს მოიცავს – ის აწესებს ვალდებულებას რომ საქართველოში თამბაქოს წარმოებას ესაჭიროება ლიცენზია, ხოლო ამ ლიცენზიის მოპოვებისთვის კი კომპანიებს სპეციალური ლაბორატორიის მოწყობა დაევალებათ, სწორედ ამ ლაბორატორიაში უნდა დადგინდეს რომ პროდუქტი შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც მთავრობის მიერ იქნება განსაზღვრული. კანონპროექტი შეეხება როგორც სიგარეტის, ასევე დაჭრილი თამბაქოს და თუთუნის წარმოებას.
კანონპროექტს თან ახლავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებებიც, რომლებიც პირველ ჯერ დარღვევისთვის 5,000 ლარის, შემდეგ ჯერზე კი 10,000 და 50,000 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს.
კანონპროექტის ავტორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, კანონპროექტის მიხედვით, 2024 წლის 1 სექტემბრამდე მთავრობამ უნდა განსაზღვროს სტანდარტები, რომელთა შესაბამისადაც უნდა შეფასდეს ლაბორატორიები და უშუალოდ წარმოებული პროდუქტები.
ამავე კანონპროექტით, 2024 წლის 1 სექტემბრიდან – 1 იანვრამდე იქნება გარდამავალი პერიოდი, როდესაც კომპანიებს ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის ჯარიმები არ დაეკისრებათ, ხოლო 2025 წლის 1-ელი იანვრიდან ამ სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ.
რეგულაცია მხოლოდ ადგილობრივ წარმოებას შეეხება და ის იმპორტირებულ თამბაქოს ნაწარმზე არ ვრცელდება.