ხურვალეთში რუსი სამხედროების გამოჩენას ადგილობრივი მოსახლეობა შიშით ხვდება. მათი თქმით, განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ოკუპანტები გადაადგილდებიან, თუმცა ადგილზე ამ დრომდე არ გამოჩენილა ქართული პოლიცია:
“ძალიან ბევრნი არიან, ვერ ვითვლი აქედან და ახლოსაც ვერ მივდივარ, მითუმეტეს თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ მეშინია მეც. ერთი პირდაპირ ჩვენკენ იყურება, ბევრნი არიან და მანქანებით გადაადგილდებიან. შეიძლება რაღაცა შემოიტანეს სასაფლაოსთან, შარშან გაზაფხულზე რაღაც ააშენეს. ინტენსიურად გადაადგილდებიან და მთელი სოფელი ხედავს, რომ აკეთებენ რაღაცას. ადრე კი იცოდა პოლიციამ გამოჩნდებოდა და დადგებოდა და დღეს არც ჩვენი პოლიცია დგას და არც ევროკავშირის წარმომადგენლები გამოჩენილან” ამბობს ლუდა სალია.
სუს-ში აცხადებენ, შეიარაღებული ფორმიანები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში გადაადგილდებიან. მათივე თქმით, ამ საკითხს ერგნეთისა და ჟენევის ფორმატის შეხვედრების დროს დააყენებენ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ანტისაოკუპაციო მოძრაობამ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ხურვალეთში, შეიარაღებული ოკუპანტების მობილიზებაა და ისინი მთის ფერდობზე გადაადგილდებიან.