საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა ზარლაანდის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი და მეოთხე კურსის სტუდენტებმა – დავით ჩიტაძემ და მარიამ პატაშურმა ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის (გერმანია) საზაფხულო სკოლაში ორკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
სტუ-ის ცნობით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტები საზაფხულო სკოლისთვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით მყოფმა ზაარლანდიის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორმა, ვილჰელმ ჰოიზერმა, კონკურსის წესით შეარჩია.
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი მარიამ პატაშური აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მაღალი სტანდარტის განათლების მიღების პარალელურად, შესაძლებლობა მისცა მონაწილეობა მიეღო არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტში.
„მსგავს პროექტში პირველად ჩავერთე, თუმცა შესაძლებლობა არაერთხელ მქონდა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა განვითარების საშუალებას, რაც ძალიან მისასალმებელია. ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას მოვახსენებ როგორც ფაკულტეტს, ასევე უნივერსიტეტს, განსაკუთრებით დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს. რაც შეეხება პროგრამას, ის მოიცავდა საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებს. მათ შორის, ინტენსიურ კურს გერმანულ ენაში და ლექციებს როგორც პროფესიული, ისე ზოგადი ცოდნის გაღრმავების მიმართულებით. სასიხარულოა, რომ პროგრამაში მონაწილეობამ საშუალება მომცა გერმანულ ენაში ცოდნა გამეუმჯობესებინა და მიმეღო ინფორმაცია ჩემთვის საინტერესო საკითხებზე“, – განაცხადა მარიამ პატაშურმა.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტის, დავით ჩიტაძის თქმით, ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილეობა, რის საშუალებასაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იძლევა, სტუდენტებისთვის წარმატებისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც ახლა ირჩევენ ან მომავალში უნდა აირჩიონ უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლა, რათა მიიღონ შესაბამისი ცოდნა, ვურჩევდი არჩევანი შეაჩერონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე , სადაც ნებისმიერი ფაკულტეტის სტუდენტს აქვს საშუალება მიიღოს ევროპული სტანდარტის განათლება და გარდა ამისა, ჩაერთოს სხვადასხვა პროექტში და გაცვლით პროგრამაში. ეს კი უკეთესობისკენ შეცვლის მათ ცხოვრებას“, – განაცხადა დავით ჩიტაძემ.
სტუ-ის ინფორმაციით, სტუდენტებს ექსპერტებმა აქტუალური ინჟინერიისა და ბიზნესის შესახებ ლექციები წაუკითხეს, ამასთანავე, მათ საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ “ვორქშოპში” და პრაქტიკულ დავალებებზე ემუშავათ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს ზარლაანდის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისათვის 5 ECTS სერტიფიკატი გადაეცათ.

ასევე დაგაინტერესებთ