მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით

მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ შანსი გაგვიჩნდეს, ევროპულ სტანდარტს ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას.
მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით დაუყოვნებლივ გათავისუფლდება 1000-ზე მეტი პატიმარი.
„მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ ჩვენ არა გავუთანაბრდეთ, მაგრამ შანსი გაგვიჩნდეს, მივუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტს ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით. ეს არის საბოლოო და არა დღევანდელი, ლოკალური მიზანი. პირველი ნაბიჯი და პირველი ეტაპი არის ეს, რასაც ახლა ვაკეთებთ იმ მუხლების შეტანით, რომელიც უკვე ჩავწერეთ. 1000-ზე მეტი პატიმარი დაუყოვნებლივ დატოვებს საპატიმროს, ხოლო დანარჩენებს შეეხებათ ეტაპობრივად და საბოლოო ჯამში ის მუხლები, რომლებიც უკვე მითითებულია ამნისტიაში, ეხება 5000-მდე პატიმარს. ვერ ვიტყვი, რომ ეს უპრეცედენტოა, თუმცა, არის ძალიან მასშტაბური“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ დაშანტაჟებისა თუ პროტესტის გამო ამნისტიის მუხლებს არც ერთი არ დაემატება.
„ნურავინ ითაღლითებს, ეს არ ეხებათ ამ დარბაზში მსხდომებს. გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთ-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო. ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არც ერთი პუნქტი არ დაემატება. თუკი ვინმეს უნდა, რომ არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ დაგვაშანტაჟოს ან შიმშილობით ან პროტესტის რაიმე ფორმით. ასე არ იქნება. თუ რამეს არ შეეხება ამნისტია სწორედ ამ ფორმითა და გზის გავლით არ შეეხება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მან ჰუმანური მიდგომის შესახებაც ისაუბრა და ანიშნა, რომ ეს არ ნიშნავს დანაშაულის მიმართ ჰუმანურობას.
„ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ჰუმანურები ნებისმიერი დანაშაულის, ადამიანის მიმართ, ოღონდ არა ჩადენის მომენტში. ჰუმანურები ვიქნებით იმ დამნაშავის მიმართ, რომელიც უნდა გამოვასწოროთ, მხოლოდ ამას ნიშნავს ჰუმანურობა და არა დანაშაულის მიმართ ჰუმანურობას. ეს ნიშნავს დამნაშავის მიმართ, რომელმაც რესოციალიზაცია უნდა განიცადოს და მოხდეს პრევენცია, რომ სხვამ არ ჩაიდინოს დანაშაული. სხვა შემთხვევაში ვიქნებით დანაშაულის მიმართ არაშემწყნარებლები”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – 26 მაისის აღნიშვნა მთლიანად წარიმართება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700-წლოვანი იუბილის აღნიშვნის ეგიდით, ძალიან ფართო სპექტრი იქნება ღონისძიებების როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ

ირაკლი კობახიძე – თუ ფორმალურად მაინც გინდა, რომ ჟურნალისტი გერქვას, ფორმალური სოლიდარობა მაინც უნდა გამოხატო კოლეგა ჟურნალისტის მიმართ, როგორც არ უნდა განეკუთვნებოდე კონკრეტულ პარტიულ ბანაკს, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

პრემიერი დაგეგმილ აქციაზე – ერთხელ კიდევ თუ დაენახებიან გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ვაშაძე და ეს ადამიანები საზოგადოებას, კიდევ უკეთესი ჩვენთვის, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ შეახსენებენ საკუთარ სახეს ჩვენს მოქალაქეებს, სრულიად უსუსურია დღეს რადიკალური ოპოზიცია, ერთმანეთშიც განხეთქილება აქვთ