თეონა აქუბარდია – ამნისტია ეხებათ ზონდერებს! – რანაირად არის ამნისტია სამართლიანი, როცა ის დანაშაულის ჩამდენებს ეხება, მაგრამ არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც კანონის მიღებას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ?

ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს! – რანაირად არის ამნისტია სამართლიანი, როცა ის დანაშაულის ჩამდენებს ეხება, მაგრამ არ ეხება რუსული კანონით დაზარალებულებს, რომლებიც კანონის მიღებას მშვიდობიანად აპროტესტებდნენ და დღეს ზოგი დაჯარიმებულია, ზოგი ბრალდებული, ზოგი დაკავებული?! – ამის შესახებ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ტყუილია, რომ ამნისტია პატიმრებს შეეხებათ, რადგან თუ მუხლებს გადავხედავთ, მინიმალურია იმ მუხლების რაოდენობა, რომელზეც ადამიანები ციხეში სხედან.
“რა პრინციპით შეარჩიეთ მუხლები? სად არის კვლევა?! საერთაშორისო სტანდარტია, რომ მასშტაბური ამნისტია განმეორებითი დანაშაულის – რეციდივის კვლევას უნდა ეფუძნებოდეს. გაქვთ ასეთი კვლევა ჩატარებული? რაზე დაყრდნობით აცხადებთ, რომ კრიმინოგენური მდგომარეობის გაუარესებასა და დამნაშავეთა მიმართ ჰუმანურ მიდგომას შორის ბალანსი დაცულია?
ფაქტია, ამნისტია ეხებათ ზონდერებს! რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე ზონდერების მიერ ჩადენილ არც ერთ დანაშაულზე გამოძიება არ არის დაწყებული შესაბამისი უწყების მიერ და შესაბამისი კვალიფიკაციით. ყველა მათგანზე გამოძიებას აწარმოებს არაუფლებამოსილი უწყება – და არასწორი კვალიფიკაციით. ყველა ამ დანაშაულს ამნისტია ეხება. ამ პირობებში რანაირად არის სამართლიანი ეს ამნისტია. ანუ ზონდერებს წინასწარ დაჰპირდით დაუსჯელობას?!“, – მიმართა აქუბარდიამ “ქართულ ოცნებას“.
“ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა აქუბარდიას “არაკომპეტენტური“ უწოდა და პასუხად ოპოზიციონერ კოლეგას მიმართა, რომ მას რომ პროექტი წაკითხული ჰქონდეს, ასეთ კითხვებს არ დასვამდა.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე “ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ხმალაძე: პარლამენტს არ ჰქონდა უფლება კენჭი ეყარა უფლებამოსილების ცნობისთვის, ამას სხვა არაფერი ჰქვია თუ არა ხელისუფლების მიტაცება – ყველა შესაძლო მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ მას არ შერჩეს