ComCom-ი “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხს ხვალ განიხილავს

საქართველოს კომუნიკაციების კომისია “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ხვალ გააგრძელებს. კომისია ამ საკითხზე დღეს მსჯელობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი განხილვის შემდეგ, მისი 19 ივლისს გაგრძელება გადაწყდა.
“მაგთისთვის” ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას შეეძლება კომპანიას განუსაზღვროს ახალი რეგულაციები, რაც კომისიის წევრების განცხადებით, ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. საუბარია ვირტუალური ოპერატორის დაშვების მოთხოვნასა და სხვა რეგულაციებზე რომელიც “მაგთის” შეიძლება განესაზღვროს. კომუნიკაციების კომისია ამ საკითხზე არაერთი თვის განმავლობაში მუშაობს, რისთვისაც ევროპელი ექსპერტების ჩართულობით მომზადდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ მობილურ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ვითარება არაკონკურენტულია, ხოლო ამ ვითარების გადაჭრისთვის მნიშვნელოვანია ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენა, რაც მობილური ვირტუალური ოპერატორების დაშვებით შეიძლება განხორციელდეს.
კომუნიკაციების კომისიამ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირების განსაზღვრის მეთოდოლოგია 2024 წლის 22 თებერვალს დაადგინა. მეთოდოლოგიის მიხედვით, კონკრეტულ კომპანიას შეიძლება აღნიშნული სტატუსი მიენიჭოს, თუკი მას 40%-ზე მაღალი საბაზრო წილი უჭირავს.
2024 წლის მდგომარეობით “მაგთის” 2,283,302 აბონენტი ჰყავს, რაც მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის აბონენტთა 41.6%-ია, ამასთან 2024 წლის პირველ 4 თვეში კომპანიამ მობილური სერვისიდან 127.8 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც მთლიანად მობილური კავშირგაბმულობის ბაზრის შემოსავლების 48%-ს შეადგენდა. შესაბამისად, როგორც აბონენტთა რიცხვით, ასევე საცალო შემოსავლებით “მაგთი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის ოპერატორის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუკი დადგინდება, რომ “მაგთი” არის მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორი, მას 3 ტიპის ვალდებულება შეიძლება დაუწესდეს, მათ შორის 1) ვირტუალური ოპერატორის დაშვება, რომლისთვისაც უნდა შეიქმნას დაშვების გამჭვირვალე პირობები და ხარჯზე ორიენტირებული ტარიფი; 2) ეროვნული როუმინგი, რომ უფრო ნაკლები დაფარვის ქსელის ოპერატორს ჰქონდეს შესაძლებლობა ფასის სანაცვლოდ დაშვება მოიპოვოს რეგიონებში წერტილოვნად სადაც ცუდია მისი სერვისები; 3) თანალოკაციის დაშვება, რაც ნიშნავს კონკრეტული ქსელის ელემენტების მიქირავებას შესაბამისად ეს უნდა იყოს ხელსაყრელი როგორც მსხვილი ოპერატორისთვის, ასევე ნაკლები ტექნიკური შესაძლებლობების მქონე ოპერატორისთვის იძლევა შესაძლებლობას იქირაოს ტექნიკური სიმძლავრე.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ხვალინდელი სხდომის შემდეგ, ComCom-ი გადაწყვეტილებას 1-2 კვირის ვადაში გამოაქვეყნებს.

ასევე დაგაინტერესებთ