აზერბაიჯანული მედიაგამოცემა azel.tv-ის დამფუძნებელის და მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის ცნობით, მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
“ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო.
ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში უბრალოდ არ ჩანდა” – დაწერა სადიგოვმა სოციალურ ქსელში.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, აფგან სადიგოვი, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ყვება, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. სადიგოვმა გამოცემას უთხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია, ის აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
“მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება” – წერს რადიო თავისუფლება.
ტაბულა ცდილობს აფგან სადიგოვის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. მასალა ინფორმაციის მიღებისთანავე განახლდება.