გიორგი მამარდაშვილის და გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ფასები ისევ გაიზარდა, – განახლებული შეფასებები transfermarkt-მა გამოაქვეყნა.
ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოს ნაკრების და „ვალენსიის“ მეკარის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით 23 წლის მამარდაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის იყო.
შესანიშნავად ჩატარებული ევრო 2024-ის შემდეგ გიორგი ტურნრის სიმბოლურ ნაკრებში საერთაშორისო ანალიტიკურმა პორტალმა, Whoscored-მა და ტელეკომპანია ESPN-მა დაასახელეს, ხოლო Transfermarkt-მა მისი შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა, რითიც პორტუგალიელ დიოგო კოშტასთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.
ასევე გაიზარდა ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირისა და „ოქროს ბუცის“ მფლობელის, გიორგი მიქაუტაძის შეფასება, 15 მილიონის ნაცვლად, მის გრაფაში ახლა 20 მილიონი წერია.
გაიზარდა – გიორგი ქოჩორაშვილის (1 მილიონიდან – 2.5 მილიონამდე), ლაშა დვალისა (900 ათასიდან – 1.5 მილიონამდე) და ოთარ კაკაბაძის (600 ათასიდან – 1 მილიონამდე) სატრანსფერო ღირებულებაც.
ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელების ხუთეული:
ხვიჩა კვარაცხელია, „ნაპოლი“ – 80 მილიონი ევრო
გიორგი მამარდაშვილი, „ვალენსია“ – 45 მილიონი ევრო
გიორგი მიქაუტაძე, „მეცი“ – 20 მილიონი ევრო
ოთარ კიტეიშვილი, „შტურმი“ – 5 მილიონი ევრო
ირაკლი აზაროვი, „შახტარი“ – 3.5 მილიონი ევრო