აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოზე ანგარიშს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც “საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ მუდმივი უნდობლობა არსებობს”.
“ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და საქართველოს, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად და კომპეტენტურად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმეები სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.
სხვა კომპანიები უჩივიან მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებს, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობას, პოლიტიკაში ჩარევის ბრალდებებს, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებას, მათ შორის კომერციულ კანონებს და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებს”, – წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპაციაზეც არის საუბარი. აღნიშნულია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს დამოუკიდებლად.
“დაძაბულობა კვლავ რჩება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე ადმინისტრაციულ საზღვრებთან”, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.